სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება 

30 ოქტომბერი 2023, 15:41 871 ნახვა

სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები წესდება. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე განიხილეს პროექტი, რომელიც აღნიშნულს ითვალისწინებს.

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, მკაცრდება როგორც საქმიანობის დაწყების, ისე ოპერირების წესები.

„ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, მკაცრდება როგორც საქმიანობის დაწყების, ისე ოპერირების წესები. ცვლილებების მიზანი პაციენტის უსაფრთხოების დაცვა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სერვისების უზრუნველყოფაა. ცვლილების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო დეტალურად გაიწერა ინფექციის პრევენციის, კონტროლის, სტერილიზაცია-დეზინფექციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის აუცილებელი კრიტერიუმები. პროცესის უკეთ სამართავად სავალდებულო გახდა დაწესებულებაში ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის გამოყოფა.

 

სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული ხდება, უზრუნველყოს თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე და სკრინინგი C ჰეპატიტზე ექვს თვეში ერთხელ. ცვლილებებით განსაზღვრული მოთხოვნები არსებული სტომატოლოგიური კაბინეტებისა და კლინიკებისთვის 2024 წლის იანვრიდან იქნება სავალდებულო. ახალი დაწესებულებები კი მხოლოდ ამ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ საქმიანობის დაწყებას“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში 2000-მდე სტომატოლოგიური კლინიკა ფუნქციონირებს.

მისივე განმარტებით, სტომატოლოგიური კლინიკები, რომლებიც გონივრულ ვადებში დაწესებულ ახალ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებენ, მუშაობა არ უნდა გააგრძელონ.

„სტომატოლოგიური მომსახურების მიმწოდებელთათვის ახალი სტანდარტები 2024 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ახალი სტომატოლოგიური კლინიკების შემთხვევაში, ჩვენ უნდა მოგვმართონ. ჩვენი შესაბამისი სამსახური, რეგულირების სააგენტო, ადგილზე მივა, შეამოწმებს ამ კრიტერიუმების მიხედვით, არის თუ არა ინფრასტრუქტურა მოწყობილი, არიან თუ არა შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმები, ასევე სხვადასხვა სკრინინგებთან და აცრებთან უნდა იყოს შესაბამისობაში. კლინიკებს ინფექციის კონტროლთან დაკავშირებული სხვადასხვა ღონისძიების გატარება მოუწევთ, რადგან იქ მისული პაციენტი მაქსიმალურად დაცული უნდა იყოს და სრულყოფილად შევთავაზოთ მაღალი ხარისხის მომსახურება. არსებულ კლინიკებს, ამ ორი თვის განმავლობაში, ექნებათ გამოსწორების შესაძლებლობა. დღეს 2000-მდე კლინიკაა რეგისტრირებული. ჩვენი შიდა სტანდარტის მიხედვით, განსაზღვრულია სანებართვო პირობები. ასევე, სხვადასხვა საფასური, თუმცა ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით ან მინიმალურია ან საერთოდ არ არის. გონივრულ ვადებში ვინც ვერ შეძლებს ელემენტარული სტანდარტების დაკმაყოფილებას, ვფიქრობ, ასეთმა ვერ უნდა გააგრძელოს მუშაობა“, - განაცხადა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი