ოპტიმიზმით ველოდებით აშშ-ის ახალ ელჩთან თანამშრომლობას, ყველაფერს გავაკეთებ, რომ უსიამოვნო პრეცედენტები, რომლებიც წინა ელჩის პირობებში იყო, აღარ განმეორდეს - პრემიერი

25 ოქტომბერი 2023, 20:27 561 ნახვა

ჩვენ დიდი ოპტიმიზმით ველოდებით აშშ-ის ახალ ელჩთან თანამშრომლობას, ყველაფერს გავაკეთებ, რომ უსიამოვნო პრეცედენტები, რომელიც წინა ელჩის პირობებში მიმდინარეობდა, აღარ განმეორდეს, ყველაფერი ნეგატიური უნდა დავივიწყოთ და ვიფიქროთ მომავალზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „გლობალური კარიბჭის“ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, აშშ-ს საქართველოსთვის უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა აშშ-ის ახალ ელჩთან, რობინ დანიგანთან. მინდა, გაგიზიაროთ ჩემი პირველი შთაბეჭდილება, რომელიც არის უაღრესად პოზიტიური ამ ადამიანის მიმართ. მანამდეც ვთქვი და აღვნიშნე, რომ ჩვენ დიდი ოპტიმიზმით ველოდებოდით მის ჩამობრძანებას. ვფიქრობ, მანამდე რაც იყო, ნეგატიური, უსიამოვნო ფაქტები, არ ემსახურებოდა არც ამერიკის, არც საქართველოს ინტერესებს. მინდა, გამოვთქვა დიდი იმედი და ოპტიმიზმი, რომ ჩვენ ერთობლივად გავაგრძელებთ ძალიან ბევრი სასარგებლო პროექტების განხორციელებას. ჩვენ კიდევ უფრო მეტად გავაძლიერებთ ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას. ეს არის ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ეს უსიამოვნო პრეცედენტები აღარ განმეორდეს, რომელიც წინა ელჩის პირობებში მიმდინარეობდა.

ასე რომ, ჩვენ ძალიან დიდი ოპტიმიზმით ველოდებით აშშ-ის ახალ ელჩთან თანამშრომლობას. მინდა, მას პირადად მადლობა გადავუხადო ასეთი კარგი დასაწყისისთვის და იმედი მაქვს, კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენს მეგობრობას და პარტნიორობას. ამერიკას ჩვენთვის აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა, როგორც ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი, საქართველოს სჭირდება მხოლოდ მეგობრები, ძლიერი მეგობრები. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევა. ამიტომ, ყოველგვარი ნეგატიური, უსიამოვნო თუ ხდებოდა ურთიერთობებში, უნდა დავივიწყოთ, ჩავაბაროთ წარსულს და ვიფიქროთ მომავალზე. ეს არის ჩვენი ყველას სურვილი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში