მოხარული ვარ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა არ იყო წარმატებული - პაველ ჰერჩინსკი

25 ოქტომბერი 2023, 17:09 523 ნახვა

მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა არ იყო წარმატებული, რადგან როგორც ჯოზეფ ბორელმა აქ, თბილისში თქვა, იმპიჩმენტის პროცესმა, სამწუხაროდ, პოლარიზაცია გაზარდა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

"ანგარიშამდე ორი კვირაა დარჩენილი და მე პირადად ვიმედოვნებ, რომ დადებითი მოხსენება იქნება. კანდიდატის სტატუსისთვის ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ჩემი აზრით, მეტის გაკეთება შეიძლებოდა. ანგარიშამდე ორი კვირაა დარჩენილი. თუ თქვენ შეხედავთ, პირველ პრიორიტეტს, პოლარიზაციას, ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ ის ჯერ კიდევ აქ არის, ჯერ კიდევ არსებობს. როდესაც საუბარია დეოლიგარქიზაციაზე, არსებობს სამოქმედო გეგმა, მაგრამ ის აღწერს იმ ნაბიჯებს, რომელიც უნდა გადაიდგას სამომავლოდ. ასე რომ, ჩვენ არ გვაქვს მნიშვნელოვანი განხორციელება. ასე რომ, ჭიქა ნახევრად სავსე და ნახევრად ცარიელია. ჩემი აზრით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის ცხადი სურვილია, დაუახლოვდნენ ევროკავშირს, ჰქონდეთ წინსვლა, მიიღონ კანდიდატის სტატუსი. ჩვენ უნდა დაველოდოთ დეკემბრის შუა რიცხვებს და არ გავფლანგოთ დრო. ყველა დღე მნიშვნელოვანია წინსვლისთვის, მნიშვნელოვანია ევროკავშირის 27 წევრისთვის საჩვენებლად, რომ საქართველო, საქართველოს ლიდერები, საქართველოს პოლიტიკური კლასი სერიოზულად ეკიდება ევროკავშირთან შეძლებისდაგვარად დაახლოებას“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ჰერჩინსკის თქმით, საჭიროა, ყველამ გულდასმით იმუშაოს, რათა დაარწმუნონ ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფო, რომ საქართველომ საკმარისი პროგრესი განიცადა კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

„საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიგვიწვია მე და ჩემი ევროპელი კოლეგა ელჩები, რათა გაეზიარებინა ჩვენთვის მომდევნო კვირებისთვის არსებული გეგმები. ცხადია, ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი კვირები იქნება. 8 ნოემბერს ჩვენ ველოდებით გაფართოების შესახებ პირველ ანგარიშს რეკომენდაციებით. წლის ბოლოს კი, დეკემბრის შუა რიცხვებისთვის ევროკავშირის წევრი 27 სახელმწიფო უმაღლეს დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით. პრეზიდენტი გეგმავს, იყოს აქტიური საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდაჭერის თვალსაზრისით. ევროკავშირის თვალსაზრისით, ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც საჭიროა, რომ ყველამ ძალიან გულდასმით იმუშაოს, რათა დაარწმუნონ 27 წევრი სახელმწიფო, რომ საქართველომ საკმარისი პროგრესი განიცადა კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

ელჩის თქმით, გასული კვირების განმავლობაში, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შემდეგ, ცხადად არის აჩქარება და ბევრი დადებითი მოვლენა, მათ შორის არის „მაუწყებლობის კანონზე“ მუშაობა, ზოგიერთ სამოქალაქო ორგანიზაციას შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში