ვიქტორ ორბანის ვიზიტი, განსაკუთრებით ამ კრიტიკულ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ყველამ დაინახოს, ვინ არის ნამდვილი მეგობარი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს - პრემიერი

12 ოქტომბერი 2023, 10:15 484 ნახვა

უაღრესად მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრ ორბანისა და მისი მთავრობის ნამდვილი მეგობრობისთვის, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ასევე - მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოსა და ქართველი ხალხის მისწრაფებისა, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და მე მაქვს პრივილეგია, ავწიო ეს ჭიქა, როგორც ჩემი ძვირფასი კოლეგის პირველი სადღეგრძელო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრემიერის მეუღლის სახელით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ სადილზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი ორბანი არის სამაგალითო ლიდერი და მისაბაძი პოლიტიკოსი.

„პრემიერ-მინისტრო, მინისტრებო, თქვენო აღმატებულებავ, ელჩებო, ძვირფასო მეგობრებო, ძმებო და დებო, ჩემთვის დიდი პატივი და პრივილეგიაა, ვუმასპინძლო ჩემს ძვირფას მეგობარს, კოლეგას – პრემიერ-მინისტრ ორბანსა და მის მეუღლეს საქართველოში. პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რამდენად ვაფასებთ ამ ურთიერთობებსა და მეგობრობას უნგრეთთან. მეორე რიგში, აღვნიშნავ, რომ ჩემთვის პრემიერ-მინისტრი ორბანი არის სამაგალითო ლიდერი, მისაბაძი პოლიტიკოსი და მესამე, უაღრესად მადლობელი ვარ პრემიერ-მინისტრ ორბანისა და მისი მთავრობის ნამდვილი მეგობრობისთვის, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ასევე – მტკიცე მხარდაჭერისთვის საქართველოსა და ქართველი ხალხის მისწრაფებისა, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი და მაქვს პრივილეგია, ავწიო ეს ჭიქა, როგორც ჩემი ძვირფასი კოლეგის პირველი სადღეგრძელო. იმიტომ, რომ ეს ვიზიტი, განსაკუთრებით ამ კრიტიკულ დროს, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის, რათა ყველამ დაინახოს, ვინ არის ნამდვილი მეგობარი, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს და ვისაც სურს ნახოს საქართველო ევროპაში და ევროპასთან. ასე რომ, პრემიერ-მინისტრო, დიდი მადლობა ვიზიტისთვის. პრემიერ-მინისტრ ორბანს გაუმარჯოს! გმადლობთ!“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, მისი ვიზიტი ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია ურთიერთობა ამ ორ ერს შორის.

„პირველ რიგში, მინდა, უნგრეთის დელეგაციის სახელით გითხრათ, თუ რაოდენ ვამაყობთ, რომ ვართ მოწვეულნი აქ თქვენი და თქვენი მეუღლის მიერ. ყოველთვის კარგია, როდესაც ვხედავ წყვილს პოლიტიკაში, რომლებიც არა მხოლოდ საუბრობენ ოჯახურ ღირებულებებზე, არამედ უჩვენებენ შესანიშნავ მაგალითს თითოეულ ჩვენგანს. საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი კარგი მაგალითების ჩვენებაა უნგრელებისთვის. ასე რომ, თუ შემიძლია ამგვარად ვთქვა, ირაკლი, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ შორის ხანგრძლივი მეგობრობაა. ვიმედოვნებ, რომ ეს ვიზიტი ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და ღირებულია ეს ურთიერთობა ამ ორ ერს შორის. ძვირფასო ირაკლი, თანამედროვე მსოფლიოში არის დისკუსია იმის შესახებ, არსებობს თუ არა სასწაულები. ჩვენ, ქრისტიანები, ვფიქრობთ, რომ არსებობს, მაგრამ მათ, ვისაც ჯერ არ სჯერა, რომ სასწაულები არსებობს, უნდა მოვიდეს ამ ოთახში ამ საღამოს, რადგან აქ მინიმუმ ორი სასწაულია: პირველი, ეს არის ქართული სასწაული – თქვენი ისტორია, თქვენი ერის გეოპოლიტიკური გარემო, თავად ფაქტი, რომ კიდევ არსებობს ქართველი ხალხი, არსებობს ისეთი ენა, როგორიც არის ქართული და ხალხი, რომელიც ცხოვრობს აქ და საუბრობს ამ ენაზე, არსებობს ქართული სახელმწიფო და რომ ეს სახელმწიფო ისევ არის ქრისტიანული – ეს არის სასწაული; შემდეგი სასწაული ამ ოთახში უნგრულია. როგორც იცით, ჩვენ, უნგრელები, მოვედით შორეული აღმოსავლეთიდან, ურალის მთების მიღმიდან და დავიკავეთ ის ქვეყანა, სადაც ვცხოვრობთ, ძვირფასო ქართველო მეგობრებო, 1100 წლის წინ. როგორც უცხოელებს, არც ნათესავები და არც ოჯახის წევრები გვყავდა ირგვლივ, მხოლოდ ჩვენ, უნგრელები, ვიყავით მარტონი. ჩვენ დავიკავეთ ტერიტორია, ისევ გვაქვს იგივე ენა, ისევ სრულვყოფთ იმავე კულტურას და ვცხოვრობთ ჩვენი საკუთარი ცხოვრებით. ასე რომ, სასწაულია, რომ კიდევ არსებობენ უნგრელები, რომლებიც საუბრობენ უნგრულ ენაზე; არსებობს უნგრული სახელმწიფო და რომ ეს სახელმწიფო ქრისტიანულია – ეს არის მეორე სასწაული. ასე რომ, ეს არის ორი ქვეყნის სასწაულის შეხვედრა და მივიჩნევ, რომ ეს მოამზადებს არა მხოლოდ პოლიტიკურ საფუძველს ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში, არამედ მეტიც, უზრუნველყოფს ამ ორი ქვეყნის შესანიშნავ ურთიერთობებს სიღრმისეულ დონეზე. ასე რომ, ამ ორ ქვეყანა-სასწაულს შორის არსებული განსაკუთრებული მეგობრობის გასაგრძელებლად ვწევ ჭიქას! დიდი მადლობა, პრემიერ-მინისტრო!“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პრემიერის მეუღლის სახელით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის პატივსაცემად ოფიციალური სადილი სასტუმრო Tsinandali Radisson Collection-ში გაიმართა. ოფიციალურ სადილს უნგრეთის დელეგაციის წევრები და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი