ქობულეთში, სოფელ გვარაში აღსრულების ბიუროსა და პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან - დაგეგმილია გამოსახლება

11 ოქტომბერი 2023, 12:41 1587 ნახვა

ქობულეთში, სოფელ გვარაში, ანთაძეების 4 წევრიან ოჯახს დღეს გამოსახლება ემუქრება. ადგილზე აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები და სამართალდამცავები იმყოფებიან. 

როგორც სახლის მეპატრონე ამბობს 2015 წელს, საფინანსო ორგანიზაცია "რიკო კრედიტიდან" 10 ათასი დოლარი გამოიტანა, საიდანაც 5 ათასი დოლარის გადახდა მოახერხა, დანარჩენი კი მძიმე სოციალური პირობების გამო ვერ გადაიხადა და ბანკს სთხოვა ახალი საკრედიტო გრაფიკის შედგენა. პირველ ეტაპზე "რიკო კრედიტის" წარმომადგენელი აღნიშნულ მორიგებას დათანხმდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ შეთავაზებულ პირობას საფინანსო ორგანიზაცია არ თანხმდება და სახლის დაცლას ითხოვს.

ანთაძეების ოჯახის მხარდასაჭერად ადგილზე უფლებადამცველები და ოჯახის ახლობლები იმყოფებიან.

როგორც ისინი ამბობენ, ეს ანთიძეების ერთადერთი საცხოვრებელი სახლია. უფლებადამცველების განცხადებით, "რიკო კრედიტს" აღნიშნული საცხოვრებელი სახლი იმისთვის უნდა, რომ აუქციონის წესით გაყიდოს.

ანთაძეები დღეს, "რიკო კრედიტის" წარმომადგენელსაც შეხვდნენ, ისინი დროებით გამოსახლების გადადებას და ბანკთან მორიგების უფლებას ითხოვენ. 

ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახებაც გახდა საჭირო, რადგან  ოჯახის წევრი შეუძლოდ გახდა.

თამაზ ბაკურიძის განცხადებით, საფინანსო ორგანიზაციებთან  სასესხო დავალიანების გამო, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 200-მდე ოჯახს გამოსახლება ემუქრება.

განახლება:  აღსრულების ეროვნულ ბიუროს განცხადებით, გამოსახლების პროცესი 6 თვით გადაიდო, რადგან ოჯახის წევრი შეუძლოდ გახდა.

"ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ჯანმრთელობის მდგომარეობა შეაფასა მძიმედ. რაც აღსრულების პოლიციას გამოსახლების პროცესის გადადების კანონიერ საფუძველს აძლევს. მხარეებს შორის ჩვენი ჩართულობით მოლაპარაკებები გაგრძელდება, გამოსახლების პროცესი კი ამ მოლაპარაკებების შედეგის შესაბამისად, გარკვეული ვადის შემდეგ ჩაინიშნება",- აცხადებენ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი