მკვლელობა ლეღვაში - სასამართლო პროცესი

05 ოქტომბერი 2023, 17:44 971 ნახვა

ლეღვაში მოკლული გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის ცალკე გამოყოფილ საქმეზე ჩანიშნული სასამართლო სხდომა გადაიდო. მიზეზი ერთ-ერთი ბრალდებულის, ლუკა ჯიბლაძის სხდომაზე გამოუცხადებლობა იყო. 

ადვოკატმა სხდომის გადადება მოითხოვა და განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ესწრება სხდომას და არ აქვს მასთან პოზიცია შეთანხმებული გაგრძელდება თუ არა საქმის განხილვა მისი მონაწილეობის გარეშე. სასამართლოს დღეს უნდა დაეკითხა მოკლულის დედა და გამოეკვლია პროკურატურის მიერ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო ფაილები. 

გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის ცალკე გამოყოფილ საქმეზე ბრალდებულია სამი პირი. ორ მათგანს გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას, ერთს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას ედავება.

ამ დრომდე უცნობია, როდის მოხდება ალექსანდრე ბაჟუაიშვილის დიდი ბრიტანეთიდან ექსტრადირება საქართველოში. ის სისხლის სამართლის საქმეში მთავარი ბრალდებულია და სასამართლო ამ ნაწილს ცალკე განიხილავს. გამოძიება ბაჟუნაიშვილს დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავება.

გიორგი ალხანიშვილის ოჯახი იმ პირების პასუხისგებაში მიცემასაც ითხოვს, რომლებიც ადვოკატის განცხადებით საქმეში ფიგურირებენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი