ქობულეთში, გამოსახლების პროცესის დროს მეპატრონემ თავის დაწვა სცადა

05 ოქტომბერი 2023, 11:32 1074 ნახვა

ქობულეთში, ბეჟანიძეების საცხოვრებელ სახლიდან გამოსახლების პროცედურა დაიწყო, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

ადგილზე აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები, ოჯახის ახლობლები, პოლიტიკოსები და უფლებადამცველები იმყოფებიან.

ოჯახის მეპატრონემ რამდენიმე წუთის წინ, პროტესტის უკიდურესს ფორმას მიმართა და თავის დაწვის, მოგვიანებით კი აივნიდან გადმოხტომის მცდელობა ჰქონდა.



ოჯახის ახლობლებს გადაკეტილი აქვთ სახლის შესასვლელი და აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებს შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

ბეჟანიძეების 5-წევრიანი ოჯახისთვის ეს რიგით მესამე გამოსახლების მცდელობაა. 

საბანკო დავალიანების გამო ოჯახის ერთადერთი საცხოვრებელი სახლი, "პროკრედიტ ბანკმა" 2016 წელს აუქციონზე გაყიდა. სახლი 85 ათას დოლარად მეუფე იაკობმა იყიდა და მოგვიანებით, 2022 წელს კერძო პირზე გადაყიდა.


როგორც ბეჟანიძეები და უფლებადამცველები ამბობენ, სახლის ახალი მეპატრონე მეუფე იაკობთან დაახლოებული პირია, რომელსაც ბეჟანიძეები ორასი ათას დოლარს სთავაზობს, თუმცა სახლის ახალი მეპატრონე საცხოვრებელს არ თმობს, მოლაპარაკებას არ თანხმდება და მათ გასახლებას ითხოვს.

ბეჟანიძეების ოჯახში, სამი მცირეწლოვანი ბავშვი და ერთი ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირი ცხოვრობს, რომელსაც დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება დასჭირდა. ბეჟანიძეებმა გამაფრთხილებელი აქცია, მიმდინარე წლის 3 ოქტომბერსაც გამართეს. მათ  აღმაშენებლის გამზირი პროტესტის ნიშნად გადაკეტეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და საქართველოს პრემიერს დახმარება და სახლის მეპატრონესთან შუამავლობის გაწევა სთხოვეს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი