USAID-ის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოთქმული ბრალდებები მცდარია, ჩვენი დახმარება გამჭვირვალეა - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

04 ოქტომბერი 2023, 10:04 516 ნახვა

USAID-ის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოთქმული ბრალდებები მცდარია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა.

"თბილისში ჩვენმა საელჩომ ამის შესახებ ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა. აქვე, გავიმეორებ, რომ ბრალდებები ჩვენი დახმარების ერთ-ერთი პროექტის მიმართ მცდარია და არსებითად არასწორად ახასიათებს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს. როგორც ყოველთვის, ჩვენი დახმარება გამჭვირვალეა და ჩვენ გავაგრძელებთ ქართული ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც მუშაობენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებების დასაცავად“,- განაცხადა პატელმა.

მან ასევე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ.

„რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“,- აღნიშნა პატელმა.

ამასთან ერთად, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერის მოადგილემ საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორობას ქართველ ხალხთან, რადგან ისინი ისწრაფვიან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და მზად ვართ, დავეხმაროთ მთავრობას ამაში“,- განაცხადა პატელმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი