დამიჯერეთ, არავისთვის იქნება მომგებიანი საფინანსო სექტორში გარკვეული დაძაბულობის, თუ აჟიოტაჟის შეტანა - ლაშა ხუციშვილი

29 სექტემბერი 2023, 16:22 715 ნახვა

დამიჯერეთ, არავისთვის იქნება მომგებიანი საფინანსო სექტორში გარკვეული დაძაბულობის, თუ გარკვეული აჟიოტაჟის შეტანა. ეს დააზიანებს, როგორც საქართველოს, საქართველოს მთავრობას, ასევე მათ შორის, ოპოზიციასაც, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, როგორც ვაჭრობის ნაწილში, ისე საფინანსო ნაწილში სანქციების შესრულება გაგრძელდება.

„ამ პროცესში მთავარი არის ის, რომ საქართველო ნათია თურნავას ბრძანებამდე და ბრძანების შემდეგაც ასრულებდა საერთაშორისო სანქციებს და მომავალშიც შეასრულებს. ამ მიმართულებით არანაირი ცვლილება ჩვენს პოლიტიკაში არ იქნება. ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო სანქციების შესრულება. როგორც ვაჭრობის, ისე საფინანსო ნაწილში სანქციების შესრულება გაგრძელდება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილია , რაც შეიძლება პარტნიორებამდე მივიტანოთ. მნიშვნელოვანია, რომ თუ რაიმე შეკითხვა იქნება კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე და თუ გარკვეულ შეშფოთებებს საჯაროდ მოვისმენთ, ეროვნული ბანკი და ფინანსთა სამინისტრო მზად არის ყველა ამ კითხვას გასცეს პასუხი.

კონცენტრირება უნდა გავაკეთოთ, რომ არც ბრძანების მიღებამდე და არც შემდეგ, საქართველოში საერთაშორისო სანქციები არ ირღვეოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, პარტნიორებისთვის, საფინანსო სექტორისთვის. ყველას მოგიწოდებთ, რომ კონცენტრაცია გავაკეთოთ ამ თემაზე. დამიჯერეთ, არავისთვის იქნება მომგებიანი საფინანსო სექტორში გარკვეული დაძაბულობის, თუ გარკვეული აჟიოტაჟის შეტანა. ეს დააზიანებს, როგორც საქართველოს, საქართველოს მთავრობას, ასევე მათ შორის, ოპოზიციასაც. მესმის, ოპონენტებს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ, თუმცა არის თემები, რასთან მიმართებაშიც შეიძლება იყო მთავრობასთან ოპოზიციაში, თუმცა არ უნდა იყო სახელმწიფოსთან ოპოზიციაში. განცხადებები, ძალიან ბევრი ბრიფინგი სიცრუე იყო. მიმართული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ და არა მთავრობის წინააღმდეგ. ვკონცენტრირდეთ მნიშვნელოვან თემებზე, გავუფრთხილდეთ საფინანსო სექტორს, მის რეპუტაციას“,- აღნიშნა ხუციშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი