ბოლო პერიოდში სახეზეა დეზინფორმაციული კამპანიის მატება, რომელიც საზოგადოებრივ აზრზე მანიპულაციას და სიმართლის დამახინჯებას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ქალაქ დუბლინში, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, დეზინფორმაცია ველური ხანძარივით ვრცელდება სოციალური მედიის პლატფორმებზე, რა დროსაც ალგორითმები, სიზუსტის ნაცვლად, პრიორიტეტს ინტერაქციას ანიჭებენ. შედეგად, მცდარმა ინფორმაციამ რამდენიმე წამში შეიძლება მიაღწიოს მილიონებამდე, რაც მანიპულაციისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.
"უფრო მეტიც, ფარული საგარეო ინტერვენცია უფრო და უფრო მეტად წარმოადგენს საფრთხეს დემოკრატიისთვის. მტრულად განწყობილი აქტორები ცდილობენ ჩვენი სისუსტის გამოყენებას და ამით დემოკრატიული პროცესების დაზიანებას. მათი მიზანია ინსტიტუტებისადმი ნდობის შერყევა, უთანხმოების გაღვივება, მოქალაქეების დაბნევა და დემოკრატიული საფუძვლების შესუსტება. მათი ტაქტიკა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კიბერთავდასხმებიდან მცდარი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე გათვლილი მავნე და შეფარული კამპანიების წარმოებამდე მერყეობს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე შეფასებით, არჩევნების დროს ეს საფრთხეები დღის წესრიგში უფრო მეტი სიმწვავით დგება.
"დეზინფორმაციის და საგარეო ჩარევის შემთხვევაში იკარგება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების იდეა. მოქალაქეებს ჭარბად მიეწოდება არასწორი ინფორმაცია, რაც ფაქტსა და წარმოსახვას შორის განსხვავებას ართულებს. საარჩევნო პროცესში ნდობა ნაკლებია, რაც ხელს უწყობს მოქალაქეების ილუზიის ქვეშ ყოფნას და შესუსტებულ დემოკრატიას. საქართველოსთვის ეს გამოწვევა უცხო არ არის. დემოკრატიას ჩვენს რეგიონში მყიფე ფესვები აქვს, დღეს კი უპრეცედენტო ორმაგი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. აღნიშნული გამოწვევა, ერთი მხრივ, შედგება საგარეო პოლიტიკური წნეხისგან და ჩარევისგან, ხოლო, მეორე მხრივ, შიდა პოლიტიკაში რადიკალიზმისა და პოპულიზმისგან. ეს ტენდენცია უკვე ნათელია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ გასული ათი წლის მანძილზე, წინა ათწლეულებისგან განსხვავებით, საქართველომ დემოკრატიული განვითარების გზაზე უმნიშვნელოვანეს წინსვლას მიაღწია, რაც არაერთხელ იყო დადასტურებული საერთაშორისო კვლევებით.
"თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად თვალში საცემია განსხვავება საქართველოს შთამბეჭდავ დემოკრატიულ მიღწევებსა და უცხოეთში ქვეყნის შესახებ არასწორი აღქმების ფორმირებას შორის. ჩვენი ქვეყნისთვის ამ ისტორიულ პროცესში საქართველოს ხელისუფლებას მუდმივად უწევს წინასწარ დაგეგმილ და კარგად კოორდინირებულ დეზინფორმაციის კამპანიასთან გამკლავება. იმედი მაქვს, ჩვენ ყველა ვისწავლით დეზინფორმაციის ცუნამში ფრთხილ ნავიგაციას, არ გავხდებით მცდარი აღქმების მსხვერპლი და გამოვიყენებთ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ნარატივებს. ეს გააძლიერებს დემოკრატიას, უზრუნველყოფს ხალხის ნების აღსრულებას და, შიდა და გარე საფრთხეების მიუხედავად, დემოკრატია იქნება მდგრადი და დაცული“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.