27 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ჯვართამაღლებას. ბიზანტიის იმპერატორის, წმინდა კონსტანტინეს დედის, წმინდა დედოფალ ელენეს მიერ სამი საუკუნის შემდეგ იმ ჯვრის პოვნას, რომელზეც მაცხოვარი აწამეს. ეს დღე დიდად მნიშვნელოვანია მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, ილია მეორემ განაცხადა.
„შევნიშნავთ იმასაც, რომ იგი ამავე დროს მწუხარების დღეცაა, რადგან ვნების შვიდეულის პარასკევის და იმ დანაშაულის გახსენების დღეა, რომელიც კაცთა მოდგმამ ჩაიდინა ღმერთის ჯვარცმით.
ამ განცდას ჩვენთვის ემატება მწუხარებაც სოხუმის დაცემის გამო, რაც 30 წლის წინ სწორედ ამ დღეს მოხდა და, ბუნებრივია, საქართველოსთვის ეს მოუშუშებელი ჭრილობაა. მაგრამ ქრისტიანობა ტკივილთან ერთად იმედისა და სიხარულის რელიგიაა და ჩვენც გვწამს, რომ, როგორც ჯვარცმით არ დამთავრებულა მაცხოვრის ამქვეყნიური ყოფა, არამედ აღდგომითა და ამაღლებით, ჩვენი ქვეყანაც, თუ ქრისტეს მცნებების ერთგული იქნება და აღდგება და ამაღლდება სულიერად, აუცილებლად აღიდგენს ტერიტორიულ მთლიანობას.
ინებოს ღმერთმა ყოველი ჩვენგანის სულიერი აღდგომა და ამაღლება.
ღმერთმა დალოცოს საქართველოს ყველა კუთხე, მათ შორის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, და მკვიდრნი მათ შინა; ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს ჩვენი სამშობლო და მოგვასწროს გაერთიანებულ და გამთლიანებულ საქართველოს, ამინ!“ – აღნიშნა ილია მეორემ.