ჩვენს საფინანსო სისტემას არაფერი ემუქრება და ამ კუთხით საზოგადოებამ შეიძლება შეინარჩუნოს სიმშვიდე და იყოს აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ სისტემა მდგრადია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ბრიფინგზე კერძო ბანკებთან კონსულტაციის თემაზე საუბრისას განაცხადა.
„ბანკებთან კონსულტაცია დაწყებულია. მათ პოზიციასა და ჩვენს პოზიციას შორის სხვაობა არ არის, რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს, ნიუანსებს, თუ როგორ მოხდება ამათუ იმ ნორმის აღსრულება, ამაზე ჩვენ საკითხებს კონკრეტულად გავდივართ.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ უდიდეს პატივს ვცემთ საერთაშორისო ვალდებულებებს, რომელიც ჩვენს საფინანსო სისტემას გააჩნია. ჩვენი საფინანსო სისტემა არის მდგრადი, ჩვენი ბანკები არის საკმაოდ ძლიერი, გამჭვირვალე ინსტიტუციები, კარგად კაპიტალიზირებული, ლიკვიდურობის თვალსაზრისით მაღალუზრუნველყოფილი, ჩვენს საფინანსო სისტემას არაფერი ემუქრება და ამ კუთხით საზოგადოებამ შეიძლება შეინარჩუნოს სიმშვიდე და იყოს აბსოლუტურად დარწმუნებული, რომ ჩვენი საფინანსო სისტემა აბსოლუტურად მდგრადია და დგას ჩვენი ეკონომიკის სადარაჯოზე“, - განაცხადა თურნავა.
მისივე თქმით, კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს.
"კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს რეგულატორს, იმიტომ, რომ კომერციული სექტორ არის საქართველოს კომერციული სექტორი და ხელმძღვანელობს ჩვენი კანონმდებლობით, მაგრამ ჩვენც ცალსახადა ვასრულებთ და ვაგრძელებთ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას. აქვე მინდა ვთქვა, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულება, არის გაცილებით ფართო პროცესი, ვიდრე კონკრეტული ნიუანსები, რომელიც შეიძლება იყოს ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობებით დაზუსტებული, რისი ფართო პრაქტიკა არსებობს, როგორც ევროკავშირში, ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში და სხვა სახელმწიფოებში. არის ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები, რომელიც ასეთ დროს არ არის ხოლმე უგულებელყოფილი, აქედან გამომდინარე სრულ უნისონში ვართ საქართველოს საფინანსო სექტორთან, საქართველოს კომერციულ ბანკებთან. ისინიც და ჩვენც ვასრულებთ საფინანსო სანქციებს და საერთაშორისო ვალდებულებებს"- განაცხადა თურნავამ.
მისივე განცხადებით, გადაწყვეტილების მიღების დროს არანაირ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია, ეროვნულ ბანკს არ სჭირდება ზეწოლა იმისთვის, რომ საქართველოს კონსტიტუცია აღასრულოს.
„იყოს მსჯელობა და ანალიზი, თუ როგორი გზით მომხდარიყო ამის გაკეთება. ეს იყო ავტომატური აღსრულება იმ წესისა, რომელიც აქამდე არსებობდა. მაგრამ ვინაიდან, შეიქმნა პირველი პრეცედენტი, ჩვენ ვალდებული ვიყავით გაგვეანალიზებინა, მომავალში ეს პრეცედენტი როგორ იმოქმედებს. არ აქვს მნიშვნელობა სახელსა და გვარს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნებოდა ეს პირველი ქეისი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, თუკი მომავალშიც ეს პრეცედენტები განმეორდება, როგორ მოხდეს აღსრულება იმდაგვარად, რომ კონსტიტუციური ჩარჩოდან არ გავიდეთ და სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.