ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება არ არის მიმართული რომელი კონკრეტული პირის დასაცავად. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც იცავს და დაიცავს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის კონსტიტუციურ უფლებებს და ვიდრე მათ მიმართ ძალაში არ შევა გამამტყუნებელი განაჩენი სანქციის აღსრულება ამ ეტაპზე იქნება შეჩერებული, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც სანქცია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ეხება, სანქციის აღსრულების პროცესში ზედმიწევნით იყოს დაცული კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნდამენტური უფლებები. ასევე განმარტა, რომ ანალოგიური პრაქტიკა სხვადასხვა სახელმწიფოში არსებობს.
"ეს ცვლილება ეხება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არ ეხება რომელიმე კონკრეტულ პირს, იმიტომ რომ ინტერპრეტაციები გაჩნდა. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს სანქცირებული მოქალაქის სახელს და გვარს, აქედან გამომდინარე, ის, რომ ეს გადაწყვეტილება რომელიმე კონკრეტული პირის დაცვას და სანქციებიდან თავის არიდებას მიებას, ამ გადაწყვეტილების პოლიტიზების მცდელობაა. ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფოს ეროვნული ინსტიტუცია, ვასრულებთ და პატივს ვცემთ ყველა საერთაშორისო ვალდებულებას, მაგრამ ჩვენს ქმედებებში ვხელმძღვანელობთ და ამოვდივართ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით. შესაბამისად, ჩვენი ვალდებულებაა, როდესაც სანქცია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეხება, ამ სანქციის აღსრულების პროცესში ზედმიწევნით იყოს დაცული კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნდამენტური უფლებები და ეს აღსრულება მოხდეს კონსტიტუციასთან და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილების მთავარი არსი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავას განცხადებით, სრულ უნისონში არიან საქართველოს საფინანსო სექტორთან, საქართველოს კომერციულ ბანკებთან.
მისივე განმარტებით, ისინიც და ჩვენც ვასრულებთ საფინანსო სანქციებსა და ზოგადად საერთაშორისო ვალდებულებებს.
„კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს რეგულაციებს იმიტომ, რომ კომერციული სექტორი ასევე საქართველოსია და ხელმძღვანელობს ჩვენი კანონმდებლობით. მაგრამ მინდა განვმარტო, პირველ რიგში ჩემი დღევანდელი ბრიფინგი დავიწყე იგივე თემით, რომ ჩვენც ცალსახად ვასრულებთ და ვაგრძელებთ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას.
აქვე მინდა ვთქვა, რომ საერთაშორისო სანქციების აღსრულება გაცილებით ფართო პროცესია, ვიდრე კონკრეტული ნიუანსები, რომელიც შეიძლება იყოს ამა თუ იმ ქვეყნის კანონმდებლობებით დაზუსტებული. აქედან გამომდინარე, სრულ უნისონში ვართ ჩვენ საქართველოს საფინანსო სექტორთან, საქართველოს კომერციულ ბანკებთან. ისინიც და ჩვენც ვასრულებთ საფინანსო სანქციებსა და ზოგადად საერთაშორისო ვალდებულებებს. ჩვენ ვართ მუდმივ კომუნიკაციაში იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ახალი რეგულაციის, დაზუსტების იმპლემენტაცია იმგვარად, რომ ის შესაბამისობაში იყოს ბანკებისა და ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებთან“,- აღნიშნა თურნავამ.
მისივე მტკიცებით, ისინი პირველ რიგში ხელმძღვანელობენ საქართველოს კონსტიტუციით და აქ განსხვავებული მოსაზრება არავის ექნება.