ოპოზიციის წარმომადგენლები ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ. სალომე ზურაბიშვილმა დღეს ინდივიდუალური შეხვედრები გამართა პარტია „საქართველოსთვის“ წევრებთან, ნათია მეზვრიშვილთან და ანა ბუჩუკურთან, „ლელოს“ წევრ სალომე სამადაშვილთან და ასევე ხატია დეკანოიძესთან.
როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აცხადებენ, საუბრის მთავარი თემა ევროკომისიის 12 რეკომენდაცია და კანდიდატის სტატუსი იყო.
„მსჯელობის თემა არის ის, თუ რა შეიძლება გააკეთოს საზოგადოებამ ხალხმა იმისთვის, რომ ჩვენ ეს ისტორიული შანსი არ დავკარგოთ და ქვეყანამ მიუხედავად „ქართული ოცნების“ საბოტაჟისა, კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
„საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, პრეზიდენტთან ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.
„ვსაუბრობდით,ამ ყველაფრის ფონზე, რასაც ხელისუფლება აკეთებს, როგორ შეიძლება, დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ ქვეყანას, ევროინტეგრაციის პროცესს. იცით, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. იმედს ვიტოვებთ, რომ გეოპოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, საბოლოო ჯამში, დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ევროკავშირის კარი საქართველოსთვის არ დაიხურება”, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.
პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტთან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ იმპიჩმენტის პროცესს მხარს არ დაუჭერს, რადგან ის ანტიდასავლური პროპაგანდის ერთ-ერთი ნაწილია.
„მე ვუთხარი მას, რომ იმპიჩმენტს არ ვუჭერ მხარს და ეს არის ჩემი ძალიან მყარი პოზიცია. მგონია, რომ იმპიჩმენტი არის ანტიდასავლური პოლიტიკის და პროპაგანდის ნაწილი, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს. ეს ერთი და მეორე, პრეზიდენტი აგრძელებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კონტექსტში აქტიურ საერთაშორისო კამპანიას და მუშაობას. ძირითადად ეს იყო, უბრალოდ ეს იყო ინფორმაციის გაცვლა, არაფერ კონკრეტულზე საუბარი არ ყოფილა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეხვედრების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.