უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის გასული დღის განმავლობაში 29 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსულმა ძალებმა სევერსკის და სლობოჟანსკის მიმართულებით ნაღმტყორცნებიდან და არტილერიიდან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი დაბომბა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, 6 სარაკეტო და 76 საჰაერო დარტყმა განახორციელა. უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 60-ჯერ გაუხსნა.
"რუსული ტერაქტების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები მშვიდობიან მოსახლეობაში, განადგურდა საცხოვრებელი კორპუსები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა", - აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ცნობით, კუპიანსკის მიმართულებით, ხარკოვის ოლქის ბუდაროკის რაიონში საჰაერო დარტყმა განახორციელეს და 15-ზე მეტი დასახლება არტილერიით დაბომბეს.
"ლიმანის მიმართულებით, რუსულმა ძალებმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარა ლუგანსკის ოლქის ნოვოეგოროვკასა და ბელოგორივკას რაიონებში. ბახმუტის მიმართულებით, დამცველები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას ქალაქ ბახმუტის სამხრეთით და მიღწეულ საზღვრებზე მაგრდებიან"- აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.