ხონის მუნიციპალიტეტში, კინჩხას ჩანჩქერთან ვიზიტორი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა კანიონთან წუხელ მოხდა. მამაკაცი მეგობართან ერთად იმყოფებოდა, ფეხი დაუცურდა და კლდიდან გადავარდა, ის ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტომ.
„გვსურს მწუხარებით გამოვეხმაუროთ ოკაცეს ჩანჩქერის (კინჩხა) მოშორებით მომხდარ უბედურ შემთხვევას. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
უბედური შემთხვევა მოხდა ოკაცეს ჩანჩქერის (კინჩხა) ბუნების ძეგლის მოშორებით, სოფელ კინჩხაში. მედია საშუალებებს მოვუწოდებთ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი/არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.