საგამოძიებო სამსახურმა ივნისს-აგვისტოში კანონდარღვევით მოქმედი 18 აფთიაქი გამოავლინა

30 აგვისტო 2023, 11:08 504 ნახვა

მიმდინარე წლის ივნისს-აგვისტოს პერიოდში, თბილისის, სამეგრელოს, შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი 18 აფთიაქი. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დადგენილ იქნა, რომ ხსენებულ სააფთიაქო დაწესებულებებს არ გააჩნდათ საქმიანობისათვის საჭირო შესაბამისი ნებართვები, საიდანაც რეცეპტის გარეშე ახდენდნენ სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, მათი რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია.

ამ ეტაპზე სისხლისსამართლებრივი დევნა განხორციელებულია 33 პირის მიმართ. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით"- აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში