მივიჩნევ, რომ საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრის მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს - კელი დეგნანი

25 აგვისტო 2023, 14:49 578 ნახვა

სამწუხაროდ, მივიჩნევ, რომ მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს, რაც მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ ეხმარება საქართველოს, რომ განაგრძოს პროგრესი ევროპის გზაზე.

"საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა კვლავ ერთგულია ამ გზის. იმედი გვაქვს, რომ ამ გზაზე პროგრესი იქნება მომავალშიც. როგორც აღვნიშნე, მნიშვნელოვანი, შთამბეჭდავი მიღწევები არის უკვე გაკეთებული. მრავალ სამინისტროსთან ადგილობრივ დონეზეც ვთანამშრომლობთ, ვეხმარებით იმ ნაბიჯებში, რომლებიც საჭიროა საქართველოს მიერ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის დასაკმაყოფილებლად. გვსურს, საქართველოს ჰქონდეს წარმატება ამ მისწრაფებაში. ზუსტად ამიტომაც ვთანამშრომლობთ საქართველოსთან ასე მჭიდროდ ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან თანამშრომლობას ამ გზაზე. ჩვენ ერთგულები ვართ საქართველოში წარმატებისა.

 

პოლიტიკოსები – პოლიტიკოსები არიან. პირადად არ ვიღებ ნამდვილად, რასაც ამბობენ ჩემ შესახებ. მივიჩნევ, რომ არიან ადამიანები, ვინც ზედმეტ ემოციას იჩენს. ფოკუსი, კონცენტრაცია უნდა იყოს სამუშაოს შესრულებაზე. გაწერილია საგზაო რუკა, გადასადგმელია კონკრეტული ნაბიჯები, მთავრობისა და პოლიტიკის შემქმნელები თუ გაჰყვებიან ამ საგზაო რუკას, რომელიც მათ მიეცათ, და ინკლიზიურ პორცესს, ეს დაადასტურებდა იმ ერთგულებას, რომელსაც პოლიტიკური ლიდერები იჩენენ საქართველოში, რომ შეასრულონ საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნა, გადავიდნენ, სულ მცირე, შემდგომ ნაბიჯზე ევროკავშირის წევრობის. ეს პოლიტიკურ სიმამაცესაც ითხოვს ამ რთული სამუშაოს შესასრულებლად. რეფორმები რთულია და ყველამ იცის ეს. სამწუხაროდ, მივიჩნევ, რომ მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს, რაც მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე“, - განაცხადა ელჩმა

მისივე თქმით, ქართველები შეჩვეული არიან და პრორუსული დეზინფორმაციის კამპანიის მომსწრენი ყოფილან ადრეც.

"ფაქტობრივად, შეტევა ხორციელდებოდა მრავალი წლის განმავლობაში, თუ არა ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებზე. დარწმუნებული ვარ, ჭეშმარიტება ქართველებისთვის არის ხელმისაწვდომი. მედია ამას ხელს უწყობს და საქართველოს მოქალაქეები ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებენ. არ შევხვედრივარ იმ ადამიანებს, ვინც კომენტარს აკეთებენ ჩემზე. ისინი არ შემხვედრიან და პირადად ვერ მივიღებ ნამდვილად, თუმცა მივიჩნევ, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია, ისინი, ვინც ცდილობენ, რომ დააბნიონ ქართველები, ვინც ცდილობენ, გაყონ ეს საზოგადოება ან შეინარჩუნონ ეს გაყოფა და პოლარიზაცია, ეს ადამიანები გვერდით გავწიოთ. საქართველოს მოქალაქეებმა სიმართლე უნდა მოისმინონ. არ ვთვლი, რომ ვინმეს უნდა ეშინოდეს სიმართლისა. იმედი მაქვს, მედია გააგრძელებს საზოგადოებისთვის დაბალანსებული, ზუსტი ინფორმაციის, ანგარიშისა და ცნობების მიწოდებას. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი როლია დემოკრატიისთვის“, - განაცხადა დეგნანმა.

ელჩის განცხადებით, ქართველ ხალხს სურს, გახდეს ევროკავშირის, ნატო-ს წევრი, ამერიკის შეერთებულ შტატებს კი ნამდვილად დიდ პატივად მიაჩნია და ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ამ გზაზე.

"ნამდვილად დიდი პატივი იყო, მემსახურა საქართველოში, ამ შესანიშნავ ქვეყანაში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე. უაღრესად დიდ კეთილგანწყობას ვგრძნობდი სხვადასხვა რეგიონში უამრავი კეთილი ქართველის მხრიდან, რომლებიც მასპინძლობას და კეთილგანწყობას იჩენდნენ ჩემ მიმართ, რომელიც გულიდან მომდინარეობდა, თავიანთი ოჯახების კარს მიღებდნენ, მმასპინძლობდნენ სახლებში, თემებში, მიზიარებდნენ გამოცდილებას, იმედებს, გამოწვევებს და მუდამ ვაფასებდით ამ აზრთა გაცვლას.

მუდამ ვმუშაობდით საქართველოს მხარდასაჭერად, რომელიც მხარს უჭერს უამრავი ქართველის თავდადებას – იქნება ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო ორგანიზაციები, სამთავრობო უწყებები, რომლებიც საქართველოს საუკეთესო ინტერესების დასაწინაურებლად მუშაობენ. უკანასკნელი 30-წლიანი პარტნიორობის განმავლობაში ჩვენი მხარდაჭერა ეხმარებოდა საქართველოს, უკეთ დაეცვა საკუთარი საზღვრები, შეეჩერებინა აგრესია, მოეხდინა ეკონომიკის სტიმულირება, რაც ხელს შეუწყობდა სამუშაო ადგილების შექმნას, რომ ქართველებს ჰქონოდათ შესაძლებლობა, ენახათ მომავალი თავისი ქვეყნისთვის, თავისი თემებისთვის. ეს, მთლიანობაში, ხელს შეუწყობდა საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას და ხელს ვუწყობდით საქართველოს მდგრადი, გამძლე, დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნაში. ეს არის ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანი. მათ სურთ, გახდნენ ევროკავშირის, ნატო-ს წევრები, ამერიკის შეერთებულ შტატებს კი ნამდვილად დიდ პატივად მიაჩნია და ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ამ გზაზე. ჩვენ ვიხილეთ უაღრესად შთამბეჭდავი პროგრესი საქართველოს მხრიდან. ვგეგმავთ, გავაგრძელოთ ამ პროცესის მხარდაჭერა", - განაცხადა კელი დეგნანმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში