2025 წლიდან საპენსიო სისტემაში, აქტივების მართვაში დაშვებული იქნებიან კერძო აქტივების მმართველები, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ გაგუამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეროვნულ ბანკში ელოდებიან როგორც ადგილობრივ კერძო აქტივების მმართველებს, ისე უცხოურ კერძო აქტივების მმართველ კომპანიებს.
"მინდა, ხაზი გავუსვა იმას, თუ როგორ ვაპირებთ დამოუკიდებელი აქტივების მართვის კიდევ უფრო გაძლიერებას მომავალში. 2025 წლიდან, ანუ დაახლოებით ერთ წელში საპენსიო სისტემაში, აქტივების მართვაში დაშვებული იქნებიან კერძო აქტივების მმართველები და, საინვესტიციო საბჭოსთან ერთად, კერძო აქტივების მმართველები განახორციელებენ აქტივების მართვას, ხოლო თითოეულ მონაწილეს ექნება არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რომელი და როგორი აქტივების მართვა სურს მას. ეს იქნება სრულად თავისუფალ არჩევანზე დამყარებული სისტემა და მონაწილე ინდივიდუალურად მიიღებს თავის საინვესტიციო გადაწყვეტილებას.
გარე მმართველების აქტივების დაშვებას კანონი ასე განსაზღვრავს – ეროვნულმა ბანკმა უნდა გასცეს უფლება. ბუნებრივია, ჩვენ მივაქცევთ ყურადღებას საინვესტიციო აქტივების მმართველის გამოცდილებას, მის შესაძლებლობას, რომ ეფექტურად მართოს აქტივები. დაინტერესებულ პირებს მოვუწოდებ, აქტიური კომუნიკაცია განახორციელონ ეროვნულ ბანკთან. არიან ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც უკვე მუშაობენ ამ მიმართულებით. აქტივების მმართველის შერჩევა იქნება საკმაოდ კონსერვატიული. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, შემოვიყვანოთ ისეთი კრიტერიუმის მმართველები, რომლებსაც აქვთ დიდი გამოცდილება. ჩვენ ველოდებით ადგილობრივ კერძო აქტივების მმართველებსაც, მაგრამ, სავარაუდოდ, უფრო მეტად უცხოური კერძო აქტივების მმართველი კომპანიები დაინტერესდებიან“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.
ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, საერთაშორისო პრაქტიკა, 5-წლიანი გამოცდილება იძლევა შესაძლებლობას, ვივარაუდოთ, რომ მოხდება საპენსიო აქტივების ზრდა, არ დგას რისკი, მონაწილემ ვერ აიღოს შენატანი.
"დაისვა კითხვა, რომ იქნებ მე არ მინდა რომელიმე კონკრეტული ფასიანი ქაღალდი? ამ თემასთან დაკავშირებით, კონკრეტული ფასიანი ქაღალდების შერჩევა, ბუნებრივია, ვერ შეიძლება, მონაწილის პრეროგატივა იყოს. ეროვნული ბანკი აწესებს მინიმალურ საკრედიტო რეიტინგის მოთხოვნას, ამიტომ ეს საკრედიტო რეიტინგი, ბუნებრივია, შეფასებულია საერთაშორისო საკრედიტო ორგანიზაციების მიერ. ყველა ის კომპანია, რომელშიც ინვესტირება განხორციელდა საპენსიო სააგენტოს მიერ, ეს ის ორგანიზაციებია, რომლებიც ხდებიან დაშვებული საკრედიტო რეიტინგის ფარგლებში.
იყო ასეთი კითხვაც, დაიკარგება თუ არა დანაზოგები? მინდა, მკაფიოდ გიპასუხოთ, რომ ყველა საერთაშორისო პრაქტიკა, ჩვენი 5 წლიანი გამოცდილება გვაძლევს შესაძლებლობას, ვივარაუდოთ, რომ მოხდება აღნიშნული აქტივების ზრდა. არანაირად იმის რისკი არ დგას, რომ მონაწილემ ვერ აიღოს შენატანი. რისკიანობა არის ის, რომ დავიცვათ ადამიანი, რომელიც უახლოვდება საპენსიო ასაკს, რათა პენსიაზე გასვლის დროს არ მოხდეს მისი აქტივების ღირებულების შემცირება. აი, ამ რისკის დაცვას ითვალისწინებს დაბალრისკიანი პორტფელი“, - განაცხადა გაგუამ.
ასევე აღნიშნა, რომ პროცესები, რომლითაც ეროვნული ბანკის მხრიდან იმართება საპენსიო აქტივების ზედამხედველობა, წარმატებულ საერთაშორისო პრაქტიკებზეა აგებული.
"ზედამხედველობის მიზანია, მოსახლეობის საპენსიო აქტივების და მათი შემოსავლის მაქსიმალური ამონაგების უზრუნველყოფა მისაღები რისკების ფარგლებში. ჩვენი მიზანია, სისტემის მონაწილეების საპენსიო ასაკისათვის დაგროვილი თანხების მაქსიმალურად ეფექტური ზრდა“, - განაცხადა გაგუამ.