მარტში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9%, პირველი კვარტლის საერთო მაჩვენებელი არის 9,3%, ასევე პირველ კვარტალში, საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულდა 120 მლნ ლარის გადაჭარბებით, რაც ეკონომიკური ზრდის შედეგია - პრემიერი

01 მაისი 2025, 11:08 117 ნახვა

მარტში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9% და პირველი კვარტლის საერთო მაჩვენებელი არის 9,3%, ასევე პირველ კვარტალში, საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულდა 120 მლნ ლარის გადაჭარბებით, რაც ეკონომიკური ზრდის შედეგია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს მიღწეული შედეგებისთვის მადლობა გადაუხადა.

„გუშინ გამოქვეყნდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები. მარტში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9% და პირველი კვარტლის საერთო მაჩვენებელი არის 9,3%, ასევე პირველ კვარტალში, საგადასახადო შემოსავლების გეგმა შესრულდა 120 მლნ ლარის გადაჭარბებით, რაც ეკონომიკური ზრდის შედეგია. ამისთვის მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ეკონომიკურ გუნდს, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი. გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მეტად დავაჩქაროთ“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს და აღნიშნა, რომ ეკონომიკურ წინსვლასთან ერთად მნიშვნელოვანია სტაბილურობა და უსაფრთხოება.

"გახსოვთ, რა პროცესები გამოვიარეთ ამ რამდენიმე წლის განმავლობაში და რომ არა უმაღლესი მოწოდების სიმაღლეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრის, თითოეული პოლიციელის დგომა, ჩვენ ვერ შევინარჩუნებდით სტაბილურობას და არ გვექნებოდა ეკონომიკური ზრდის ასეთი მონაცემები. ბატონ ვახტანგს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. ასევე, ეკონომიკურ გუნდს დიდი მადლობა. ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, საერთაშორისო ვიზიტორების დანახარჯები 8.3%-ით გაიზარდა ამ წლის პირველ კვარტალში, შარშანდელ პირველ კვარტალთან შედარებით.

„ტურიზმი არის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დარგი და გარდა ამისა, ტურიზმის არის ერთ-ერთი გამოხატულება იმისა, თუ როგორ მუშაობს ეკონომიკა და მოხარული ვართ, რომ ამ სფეროშიც გვაქვს დადებითი დინამიკა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში