აგვისტოს ომის 15 წლისთავზე, დიმიტრი მედვედევის განცხადება წარმოადგენს რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ მცდელობას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარშია ნათქვამი.
„2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავზე, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის მიერ გაკეთებული განცხადება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ მცდელობას.
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის კომენტარში.
როგორც საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, საქართველო განუხრელად ადგას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას, ამ გზით საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის უზრუნველყოფას და ომის შედეგად დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის შერიგებისა და მშიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფას.