კელი დეგნანის განცხადება ინტერპრეტაციების საფუძველი გახდა, მოვუწოდებ ჩართულ მხარეებს, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ნუ დავაზიანებთ ისტორიულ საარჩევნო პროცესს - გიორგი კალანდარიშვილი

21 აგვისტო 2023, 19:01 691 ნახვა

სრულად ვიზიარებთ, რომ ამომრჩეველთა ინფორმირება, განათლება, ცნობიერების ამაღლება სასიცოცხოლოდ მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესისთვის და ამის დასტურია ცესკოს-ს სტრატეგიული და სამოქმედო გეგმები, სადაც დეტალურადაა გაწერილი ყველა აქტივობა, რომელსაც ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს და განახორციელებს სამომავლოდ, – ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

„პროცესი კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება და ფართო მასშტაბებს შეიძენს დარჩენილ წელიწად-ნახევრის განმავლობაში. პროცესს ზურგს უმაგრებს ცესკო-ს მიერ სხვადასხვა წლებში ჩატარებული შვიდი საპილოტე პროექტი და ის მნიშვნელოვანი ინტელექტუალური ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ჩვენ ამ პროექტებიდან და ტექნოლოგიებიდან გამომდინარე მივიღეთ. ამასთანავე, საკანონმდელო მოცემულობა, რომელიც აზღვევს მთელ რიგ საკითხებს და უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის მაქსიმალურ გამჭვირვალობას, როგორიც არის გადათვლები, ქაღალდის კვალი ყველა პროცესთან მიმართებით. საარჩევნო ადმინისტრაცია სრულ მზაობას აცხადებს, ამ მიმართულებით ითანამშრომლოს საერთაშორისო პარტნიორებთან და ჰქონდეს წამყვანი როლი ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით, იქიდან გამომდინარე, რომ ის გახლავთ ცენტრალური უწყება, ვინაიდან მას აქვს, როგორც ინტელექტუალური გამოცდილება ამ მიმართულებით, ასევე ის ტექნოლოგიები, რომლის მეშვეობითაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი სწავლებები. შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის და მივესალმებით ნებისმიერ მხარდაჭერას, რომელიც უწყებას ამ მიმართულებით ექნება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის მიერ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით, სადაც არჩევნებზეც არის საუბარი.

გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ ელჩის განცხადება გარკვეული ინტერპრეტაციების საგანი და საფუძველი გახდა.

„მინდა, მოვუწოდო ყველა ჩართულ მხარეს, პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ნუ დავაზიანებთ ამ მნიშვნელოვან, ისტორიულ საარჩევნო პროცესს და ერთობლივი ძალისხმევით, ერთობლივი ჩართულობითა და მონაწილეობით უზრუნველვყოთ ქვეყანაში მაღალი სტანდარტების შესაბამისი, პროფესიული დონის არჩევნების ჩატარება“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში