შვეიცარია არ აღიარებს უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ რუსულ პასპორტებს - შვეიცარიის ფედერალური საბჭო 

17 აგვისტო 2023, 21:44 860 ნახვა

შვეიცარია რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ პასპორტებს არ აღიარებს. ამის შესახებ შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვეულებრივი და დიპლომატიური პასპორტები, მოქალაქეობის არმქონე პირთა ბინადრობის ნებართვები და მეზღვაურის პირადობის მოწმობები არ იქნება აღიარებული“, – ნათქვამია შვეიცარიის ფედერალური საბჭოს განცხადებაში.

უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებისთვის არ იქნება აღიარებული დოკუმენტები სხვადასხვა თარიღის მიხედვით, იმის გათვალისწინებით, თუ როდის იყო ისინი ოკუპირებული რუსეთის მიერ. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთისთვის კი თარიღი 2008 წლის 26 აგვისტოა.

„მიუხედავად შეზღუდვებისა, ვიზები შეიძლება, გაიცეს ჰუმანიტარული მიზეზების გამო, ეროვნული ინტერესების ან საერთაშორისო ვალდებულებების მიზეზით”,- განაცხადა შვეიცარიის ხელისუფლებამ.

ევროკავშირის საბჭოს ჩეხეთის თავმჯდომარეობამ და ევროპარლამენტმა 2022 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას უკრაინასა და საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული პასპორტების არაღიარების შესახებ. ამის შემდეგ გადაწყვეტილება ევროპარლამენტმა დაამტკიცა. 2022 წლის დეკემბერში კი საბოლოოდ დაამტკიცა ევროკავშირის საბჭომ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში