შოვში, სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები მე-13 დღეა გრძელდება. დაკარგულების ძებნის არეალი გაფართოვდა, ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა 18 ლოკაციაზე მუშაობს. ინტენსიური სამუშაოები გრძელდება, როგორც სტიქიის ზონაში, ისე რიონისა და ჭანჭახის მდინარეების კალაპოტებში.
სტიქიის ზონაში, აქამდე მიუვალ ადგილებში დამატებით დაამონტაჟეს რკინის კონსტრუქციები, რომლებიც მაშველებს გადაადგილებას უმარტივებს. ამ დროისთვის შოვის სამძებრო და სალიკვიდაციო სამუშაოებში 400 მაშველია ჩართული, ადგილზეა 90 ერთეული მძიმე ტექნიკა, მათ შორის სპეციალური მანქანები. პროცესში იყენებენ მეტალო-დეტექტორებსაც.
სტიქიის ზონაში, ოფიციალური ინფორმაციით, შესამოწმებელი და დასამუშავებელი, ჩამოშლილი მასის 26 პროცენტი დარჩა. სამუშაოებს დაახლოებითი 2 დღე დასჭირდება. ამის შემდეგ კი, მდინარის კალაპოტების დამუშავება და შემოწმება მოხდება.
ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში მომხდარმა სტიქიამ 25 ადამიანი იმსხვერპლა.