ბათუმში, შერვაშიძის აღმართზე ყოფილი გულის საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს. ობიექტის მფლობელმა “ჰესტოკ - ჯორჯიამ” 1903 წელს აგებული შენობის სრულად დანგრევის გადაწყვეტილება ახლახანს მიიღო. რა აშენდება, ან აშენდება თუ არა ტერიტორიაზე სხვა ობიექტი უცნობია. კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა სატელეფონო საუბარში აცხადებენ, რომ ტერიტორია კერძო საკუთრებაა და მფლობელი მის განკარგვას საკუთარი შეხედულებისამებრ გეგმავს. დემონტაჟი მერიის ნებართვით მიმდინარეობს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში კი განმარტავენ, რომ ობიექტი “ჰესტოკ ჯორჯიას” საბაგირო გზის და სასტუმროს მშენებლობის სანაცვლოდ გადაეცა. ყოფილი გულის საავადმყოფოს ნგრევას აპროტესტებენ საზოგადოება “ბათომის” წევრები. მათი განცხადებით ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა უნდა მოწყობილიყო, რაც სავარაუდოდ აღარ მოხდება.