15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა განახორციელა აგრესია და მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა უდიდესი ღალატი - კობახიძე

08 აგვისტო 2023, 11:11 456 ნახვა

ჩვენმა ჯარისკაცებმა აჩვენეს ქართველი კაცის, ქართველი ჯარისკაცის გმირული სული, მადლობა მათ ამისათვის. დიდი იმედი მაქვს, მალე ახდება ის ოცნება, რომელსაც შესწირეს თავი ამ ადამიანებმა, იმედი მაქვს,  მალე ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება, – აღნიშნული განცხადება ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია, 15 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ჩაიდინა უდიდესი ღალატი საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის წინაშე, ეს არის ტრაგიკული თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თუმცა ამასთან ერთად ეს დღეები, 2008 წლის აგვისტოს დღეები ჩვენ სიამაყითაც გვავსებს იმ გმირების თავგანწირვის გამო, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენს ქვეყანას. კიდევ ერთხელ ჩვენმა ჯარისკაცებმა აჩვენეს ქართველი კაცის, ქართველი ჯარისკაცის გმირული სული, მადლობა მათ ამისათვის. დიდი იმედი მაქვს, რომ მალე ახდება ის ოცნება, რომელსაც შესწირეს თავი ამ ადამიანებმა, იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება, გაერთიანდება. ეს იყო მათი ოცნება, ღმერთმა ნათელში ამყოფოს ჩვენი გმირების სულები“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განმარტებით, 2008 წელს ღალატის კულმინაცია იყო ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც ხელი მოაწერა „ნაცმოძრაობამ“, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო.

„2008 წელს მაშინდელმა მთავრობამ რეალურად ჩაიდინა ღალატი და ამ ღალატის კულმინაცია იყო ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელსაც ხელი „ნაცმოძრაობამ “მოაწერა, სადაც მითითებულია, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო. ეს წერია ევროსაბჭოს რეზოლუციაში. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ქართველ სამხედროებს დააბრალეს ომის დანაშაული, რაც იყო კატასტროფა. ამაზე მეტი ღალატი არ არსებობს და ეს ღალატი საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე მაშინდელმა ხელისუფლებამ, სააკაშვილის „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა ჩაიდინა“, - აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა ომის დაწყების თარიღზეც და განმარტა, რომ 8 აგვისტოს, ამ თარიღს აღნიშნავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები 2013 წლის ჩათვლით და მერე გაიგეს თურმე, რომ 8 აგვისტო არა და 7 აგვისტო. აქედან ჩანს, რომ ცდილობენ ყველაფერი გამოიყენონ სპეკულაციებისთვის.

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ 7-8 აგვისტო უნდა იყოს ის საკითხი, რომელმაც საზოგადოება უნდა გახლიჩოს. ეს არის მარტივი გათვლა და არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული გათვლები. წლების განმავლობაში თვითონ აღნიშნავდნენ 8 აგვისტოს და შემდეგ, 2013 წელს, იმის გამო, რომ სააკაშვილს ექმნებოდა უხერხულობა, ამის გამო გადაწყვიტეს რომ 7 აგვისტოს აღენიშნათ ეს თარიღი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი