აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა - პრემიერი

08 აგვისტო 2023, 10:46 902 ნახვა

მინდა, პირველ რიგში ჩემი სამძიმარი გამოვუცხადო კიდევ ერთხელ ჩვენს დაღუპულ გმირებს, მათ ოჯახებს, ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ნათელი ხსოვნის წინაშე, მათ ოჯახებს მინდა, კიდევ ერთხელ გამოვუცხადო ღრმა სამძიმარი, ჩვენი გმირები გმირულად შეეწირნენ ამ ომს, ეს იყო საშინელი ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო.

"150-ზე მეტი დასახლებული პუნქტი იქნა ოკუპირებული, დამატებით დავკარგეთ ამდენი სოფელი, კოდორის ხეობა. ამ ომმა მოიტანა უკანონო ოკუპაცია და ასევე ჩვენი ძირძველი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, ე.წ. აღიარება, რამაც ძალიან მძიმე შედეგები მოუტანა ჩვენს ქვეყანას. მინდა, დღეს აღვნიშნო, ჩვენ ეს არაერთხელ გვითქვამს, ამ ომის თავიდან აცილება იყო შესაძლებელი. ვიცი, რა ეს ინფორმაცია, რაც ხდებოდა და როგორ ვითარდებოდა მოვლენები, მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა იმ ფონზე, როდესაც ჩვენმა გმირებმა, ჩვენმა გმირმა სამხედროებმა აჩვენეს უდიდესი გმირობა, თავგანწირვა, უამრავი გმირობის მაგალითი დაუტოვეს ჩვენს ხალხს და მომავალ თაობას. მაშინ ჩვენ ვნახეთ ყველაზე სამარცხვინოდ მოქცეული ყოფილი მთავარსარდალი, გახსოვთ, ჰალსტუხის ღეჭვა, გახსოვთ, გაქცეული თვითმფრინავის ხმის გამო წაქცეული, მიწაზე გართხმული, ძალიან დიდი სირცხვილი ჭამა. მთელმა საზოგადოებამ ნახა და არამხოლოდ ჩვენ, მთელმა მსოფლიომ, საუბედუროდ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რომ ქვეყნისთვის ომი თავიდან აეცილებინა.

"პასუხისმგებლობა იყო და არის ხელისუფლების, ნებისმიერი ხელისუფლების, ყველაზე დიდი განსაცდელი, რაც შეიძლება ქვეყანს მოევლინოს, არის ომი. ომის პარტიამ და მოღალატეთა პარტიამ, არ მოვერიდები ამის თქმას, რადგან ძალიან ბევრი რამ ვიცი, რაც თქვენ არ იცით და ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის, სამწუხაროდ, ვუფრთხილდები რა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, თავს ვიკავებ ამ ინფორმაციების გაჟღერებისგან, ისევ და ისევ და ერთადერთი მიზნის გამო, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი. ბუნებრივია, ეს უბედურება, ეს ტრაგედია, ეს ომი მოხდა წინა ხელისუფლების დროს. წინა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა, რომ ომი თავიდან აეცილებინა ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის. შედეგად რა მივიღეთ, 20 პროცენტი არის დღეს ოკუპირებული, რუსული ჯარი გავიდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან 2007 წელს, ბოლო კონტიგენტი გავიდა ქვეყნიდან 2007 წელს, ვინ გავაკრიტიკო და ვინ დავგმო, თუ არა სამარცხვინო, მტრული ძალა, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას. როცა რამდენიმე თვის შემდეგ, მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად შემოაბრუნა კიდევ უფრო მეტი მასშტაბით და აღარ მინდა, საუბარი გავაგრძელო.

 

ჩვენმა გმირმა სამხედროებმა, ყველა სამხედრომ, მაშინდელი სამხედრო მმართველობა ვინც იყო, მე არ ვგულისხმობ გენშტაბის მეთაურს, იგი არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და მასზე არ ვსაუბრობ, მაგრამ სამხედრო მმართველობა, გმირი ოფიცრები, მათ იბრძოლეს თავდადებით, აჩვენეს გმირობის მაგალითი. სამწუხაროდ, პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ომის დაწყების მომენტიდან, პირველივე წუთიდან ჩაიდინა საშინელი ღალატი, საშინელი დეზორგანიზება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ჩვენი გმირი სამხედროების ცხედრები მიატოვეს უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომ არა პატრიარქის ჩართულობა, ცხედრების გადმოსვენებაც კი ვერ ხერხდებოდა. ეს მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა ყოფილმა ხელისუფლებამ.

"ამას მარტივად, პატარა ბავშვი გათვლიდა შესაძლო ნაბიჯებს, რომელიც მოჰყვებოდა პროვოკაციას, რომელიც ომამდე, ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ხდებოდა. ამ კითხვების ერთობლიობა კიდევ ერთხელ მიგვითითებს, რომ ნამდვილად ანტიეროვნული ხელისუფლება იყო, რომელიც არ ზრუნავდა საქართველოს ტერიტორიების არც გაერთიანებაზე, არც ჩვენი ხალხის, ქვეყნის დაცვაზე. ეს იყო მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე მზრუნველი ხელისუფლება, რომელმაც უღალატა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მოსახლეობას, ჩვენს ხალხს, ჩვენს გმირებს. გახსოვთ, რომ ჩვენი გმირი სამხედროების ცხედრები მიატოვეს უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. რომ არა პატრიარქის ჩართულობა, ჩვენი გმირების ცხედრების გადმოსვენებაც კი ვერ ხერხდებოდა. ეს მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა ყოფილმა ხელისუფლებამ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, გმირები გმირულად შეეწირნენ ამ ომს და ეს იყო საშინელი ტრაგედია, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანასა და ხალხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს იყო უმძიმესი განსაცდელი, რამაც 400-ზე მეტი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავარი გამოწვევა არის ამ ოკუპაციის დასრულება, ის, რომ რუსეთი ოკუპანტია და რუსეთი აგრესორი იყო, ეს ჩვენ დიდი ხანია ვიცოდით და ვიცით, მთელმა მსოფლიომ იცის. უბრალოდ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გვაქვს შემუშავებული სწორი, მშვიდობიანი პოლიტიკა, რამაც უნდა მიიყვანოს ჩვენი ქვეყანა ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციამდე და ქვეყნის საბოლოო გამთლიანებამდე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში