შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განუცხადა.
„ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა რაჭაში. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს, ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს. მაქსიმალურად მიახლოებული ვიყავი და ძალიან მძიმეა ის, რაც ადგილზე, ეპიცენტრში ვნახე. არის ძალიან დიდი სტიქია ამ რეგიონისთვის. სამწუხაროდ, უკვე 11 გარდაცვლილია ნაპოვნი, ეძებენ 25 ადამიანს“, - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, გარდაცვლილთა ნაწილი უკვე იდენტიფიცირებულია.
ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ჩარჩენილ 30-მდე ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება. ერთ-ერთია, ხუთსულიანი ზაზა მესხის ოჯახი. ოჯახი ჰოლანდიაში ცხოვრობს. ზაზა მესხი, მეუღლესთან და სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად, კოტეჯში ისვენებდა.
შეგახსენებთ, რომ მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან გამოყვანილია 210 ადამიანი. სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია გრძელდება.