მოლდოვის მთავრობამ ქვეყანაში არსებული რუსეთის საელჩოს თანამშრომლების რაოდენობის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკუ პოპესკუმ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ქვეყანაში იმ პირთა რაოდენობის შეზღუდვას, რომლებიც მოლდოვის რესპუბლიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ.
არსებული ინფრომაციით, ქვეყანაში არსებული რუსეთის ფედერაციის საელჩოს აკრედიტებული დიპლომატებისა და ადმინისტრაციული თანამშრომლების რაოდენობა 84-დან 25-მდე შემცირდება.
„რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის მხრიდან სხვადასხვა სახის ქმედებები ვიხილეთ საკმაოდ მტრული პოლიტიკისა. ზოგიერთი მათგანი ხორციელდებოდა კიშენეუში რუსეთის საელჩოს დახმარებით. მე ასევე ახლახან ვნახე ინფორმაცია რუსეთის დიპლომატიური უწყების შენობაზე დამონტაჟებული დიდი რაოდენობით ანტენების შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური სამსახურები და ასევე სხვა ქვეყნების წარმომადგენლობები იყვნენ კონცენტრირებულები დიპლომატიური ურთიერთობების განვითარებაზე. მაშინ როდესაც სხვა ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლების დიდი ნაწილის ძალისხმევა მიმართულია ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ და როდესაც მათი ქმედებები არ შეესაბამება დიპლომატიური სამსახურების თანამშრომელთა ქცევის სტანდარტებს, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოლდოვაში აკრედიტებული რუსეთის ფედერაციის დიპლომატების რაოდენობა შევამციროთ“, – განაცხადა მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა.