პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 2023 წლის ექვსი თვის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა

17 ივლისი 2023, 18:35 455 ნახვა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა 2023 წლის ექვსი თვის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ გასული წლისა და მიმდინარე წლის ექვსი თვის საქმიანობის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, გაზრდილია სამსახურის მიმართ მოქალაქეთა მომართვიანობა და ინსპექტირების რაოდენობა.

„მოქალაქეთა მომართვიანობა – საანგარიშო პერიოდში, სამსახურმა მიიღო 250 განცხადება/შეტყობინება, რომელთაგან 155 (62%) შეეხებოდა მონაცემთა დამუშავებას კერძო ორგანიზაციებში, 56 (22%) — საჯარო უწყებებში, ხოლო 39 (16%)  – სამართალდამცავ ორგანოებში.

მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება) – სამსახურმა ჩაატარა მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება) 97 ფაქტზე. მათგან 35% (34) ჩატარდა გეგმურად, ხოლო 65% (63) – არაგეგმურად.

გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები – სამსახურმა დაადგინა პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 116 ფაქტი, მათგან 38 ფაქტი გამოვლენილ იქნა 2022 წელს დაწყებული და საანგარიშო პერიოდში დასრულებული, ხოლო 78 ფაქტი – საანგარიშო პერიოდში დაწყებული და დასრულებული შემოწმების (ინსპექტირების) საფუძველზე.

სამსახურის მიერ გაცემული დავალებები და რეკომენდაციები – სამსახურმა საჯარო დაწესებულებებისთვის და კერძო ორგანიზაციებისთვის, ასევე სამართალდამცავი ორგანოებისათვის გასცა 192 დავალება და რეკომენდაცია.

სამსახურის მიერ გაცემული კონსულტაციები – საანგარიშო პერიოდში სამსახურმა როგორც ზეპირი (სატელეფონო და პირადი შეხვედრების ფორმატში), ასევე წერილობითი ფორმით 2397 კონსულტაცია გასცა.

ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი – სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შეჩერების მექანიზმი (კონტროლის ელექტრონული სისტემის საშუალებით) 48 შემთხვევაში გამოიყენა.

სხვა სტატისტიკური მონაცემები – საანგარიშო პერიოდში, სამსახურმა ჩაატარა შვიდი საერთაშორისო შეთანხმების პროექტის ექსპერტიზა.

სამსახურმა ჩაატარა 19 შეხვედრა 821 დამსწრე პირთან, რომელთა ნაწილი წარმოადგენდა როგორც მონაცემთა სუბიექტს, ისე მონაცემთა დამმუშავებელს“,- აღნიშნულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი