88 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი, ანსამბლ "სუხიშვილების" ყოფილი მოცეკვავე ომარ მხეიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ოჯახის წევრები ადასტურებენ.
ომარ მხეიძე 1953 წლიდან იყო საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის წამყვანი სოლისტი, 1954 წლიდან საქართველოს ხალხური ცეკვის ანსამბლის მოცეკვავე, სადაც 30 წლის განმავლობაში იდგა სცენაზე; იყო კინოკომპანია „ჯიმ შვანთეს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი; 1984-1989 წლებში იყო თბილისის სადღესასწაულო რიტუალების სასახლის დირექტორი, ე. თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული კათედრის კონსულტანტი.
ომარ მხეიძეს ანსამბლთან ერთად გასტროლები ჰქონდა მსოფლიოს 87 ქვეყანაში. მიღებული აქვს არაერთი წოდება, მათ შორის: „წლის ადამიანი“, „ქართული კულტურის ამაგდარი“, „ქართული კულტურის რაინდი“, საპატიო სიგელი „სახალხო სიყვარული“, „საუკუნის მოცეკვავე“ „ხელოვნების ქურუმი“.