კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, პოლონელი ექიმები მათ მიერ მომზადებულ, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის ტაქტიკას და ჩატარებულ კვლევებს დაეთანხმნენ.
როგორც ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, პოლონელ ექიმებთან კოლეგიალური შეხვედრა შედგა.
„გუშინ ჩვენს კლინიკაში ვიზიიტით იმყოფებოდნენ პოლონელი კოლეგები. ეს იყო ექიმი ნეიროქირურგი და მეორე, შინაგანი მედიცინის სპეციალისტი, ასევე ტოქსიკოლოგი. შემიძლია, ერთმნიშვნელოვნად გითხრათ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენ, კოლეგები ძალიან კმაყოფილი ვართ, კოლეგიალური შეხვედრა იყო ნამდვილად. ნამდვილად საგნობრივი შეხვედრა იყო. ერთობლივად განვიხილეთ პაციენტის მიმდინარე მდგომარეობა, ჩატარებული წინა კვლევები. იყო ნამდვილად კოლეგიალური და კეთილგანწყობილი შეხვედრა, განსხვავებით სხვა წინა ექსპერტებისგან, რომლებიც ჩამოდიოდნენ და საერთოდ კომუნიკაცია არ ჰქონდათ. არა მარტო უცხოელი ექსპერტები იყვნენ წინათ, თუნდაც იგივე ქართველი ექსპერტები, რომლებსაც ფაქტობრივად არ ჰქონიათ კომუნიკაცია ჩვენი კლინიკის ექიმებთან. მათგან განსხვავებით, იყვნენ ძალიან კომუნიკაბელურები, ძალიან კოლეგიალურები და ერთობლივად განვიხილეთ. რაც შეეხება მიმდინარე მკურნალობას, მე მხოლოდ ზოგადად შემიძლია, გითხრათ, რომ ისინი სრულად დაეთანხმნენ ჩვენი მკურნალობის ტაქტიკას, ჩატარებულ კვლევებს და სხვა დანარჩენ დეტალებზე ალბათ თვითონ გააკეთებენ განცხადებას...
დამატებით კვლევებს, რაც ჩვენ ჩატარებული გვაქვს, სრულად დაეთანხმნენ. ის, რაც თვითონ რეკომენდაციის სახით მოგვცეს, ჩვენ ეს რეკომენდაცია გვქონდა პაციენტისთვის, მაგრამ პაციენტი მაშინ უარს აცხადებდა იმ კვლევის ჩატარებაზე, თუნდაც ხერხემლის პუნქციის ჩატარება, რომელზეც პაციენტმა არაერთხელ განაცხადა უარი. მათაც ეს შესთავაზეს. სხვა დანარჩენი, მაგალითად კვებასთან დაკავშირებული საკითხები, ეს ყველაფერი იყო ჩვენი საერთო აზრი და საერთო გადაწყვეტილება, რის შესახებაც ისინი ესაუბრნენ პაციენტს“, – აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.