დარწმუნებული ვარ, ბუნდესტაგის პრეზიდენტ​ის, ბერბელ ბასის საქართველოში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება - შალვა პაპუაშვილი

10 ივლისი 2023, 18:58 575 ნახვა

გერმანიის პოლიტიკამ და მხარდაჭერამ კონკრეტული შედეგები მოიტანა, დღეს საქართველო არის სახელმწიფო, რომელმაც უზარმაზარ პროგრესს მიაღწია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საზოგადოების მშენებლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტთან, ბერბელ ბასთან ერთობლივი განცხადებებისას აღნიშნა.

„დღეს ისტორიული მოვლენის მომსწრეები ვართ. ვმასპინძლობთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ბერბელ ბასს და მის თანმხლებ დელეგაციას. ჩვენთვის დიდი პატივია ბერბელ ბასის მიღება, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან გერმანიას გამორჩეული როლი ჰქონდა და აქვს ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციურ და სოციალურ-ეკონომიკურ გარდაქმნაში. გერმანიის პოლიტიკამ და მხარდაჭერამ კონკრეტული შედეგები მოიტანა. დღეს საქართველო არის სახელმწიფო, რომელმაც უზარმაზარ პროგრესს მიაღწია დემოკრატიული ინსტიტუტების და საზოგადოების მშენებლობაში. აღნიშნულისთვის მადლობას მოვახსენებთ გერმანიას და მის ხალხს. ჩვენ ასევე მადლიერი ვართ გერმანიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ჩვენი ქვეყნის დღევანდელი სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი გერმანიის და მისი მსგავსი მეგობრებისა და პარტნიორების დამსახურებაცაა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, მოხარულია, რომ ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის არის პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების აქტიური დინამიკა.

„გასული წლის დეკემბერში, გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტის მოწვევით, მე თავად ვიყავი გერმანიაში ვიზიტად; 2023 წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი ანალენა ბერბოკი გვსტუმრობდა თბილისში; ერთი თვის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბერლინში ჰქონდა ვიზიტი და დიალოგი გერმანიის კანცლერთან; დღეს კი საქართველოს პარლამენტში გვაქვს ბუნდესტაგის პრეზიდენტის მასპინძლობის პატივი. უმაღლესი დონის ეს ურთიერთშეხვედრები და ვიზიტები არც არის გასაკვირი – იგი ასახავს იმ მჭიდრო ხალხთა შორის ურთიერთობებს, ასევე, თანამშრომლობას კულტურის, ეკონომიკის, თავდაცვის, განათლების, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, მეცნიერების და სხვა სფეროებში, რომელიც საუკუნეების მანძილზე ამდიდრებდა და განამტკიცებდა ჩვენს მეგობრობას და პარტნიორობას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გერმანიასა და საქართველოს შორის კავშირები დგას დემოკრატიისა და მშვიდობის საერთო ღირებულებებზე.

„გერმანიასა და საქართველოს შორის კავშირები ასევე საერთო მიზნებსა და ინტერესებს ემსახურება. ქართველი და გერმანელი ჯარისკაცები ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფის ბაზაზე წლების მანძილზე ერთმანეთს მხარს უმაგრებდნენ და იბრძოდნენ ამ ფასეულობებისა და ინტერესებისთვის, ევროპის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, გერმანიის და საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.

დღეს, საქართველო კვლავ ისტორიულ პროცესში იმყოფება. 30 წლის წინ გერმანიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა საერთაშორისო თანამეგობრობაში საქართველოს სრულუფლებიან წევრად დამკვიდრების საქმეში. 30 წლის შემდეგ, გერმანიას კვლავ შეუძლია ისტორიული მისიის შესრულება და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებით, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და კეთილდღეობის განმტკიცება. იმედი გვაქვს, გერმანია იქნება ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერის პროცესის ლიდერი.

შეხვედრაზე სწორად აღნიშნულ საკითხებზე გვქონდა საუბარი. დღეს და ხვალ გვექნება სხვა შესაძლებლობაც, რომ უფრო დეტალურად განვიხილოთ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დღის წესრიგი და საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებით ხელი შევუწყოთ ჩვენი მოქალაქეებისთვის სასარგებლო ინიციატივების წამოწყებას.კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ბუნდესტაგის პრეზიდენტს ჩამობრძანებისთვის. დარწმუნებული ვარ, საქართველოში მისი ვიზიტი საქართველოსა და გერმანიას შორის პარტნიორობის ახალი ეტაპის დასაწყისი იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში