ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

03 ივლისი 2023, 09:55 971 ნახვა

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები გამოცდას დღეს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. ეროვნული გამოცდები 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრირებულია 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი. წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავსა და ხულოში. წელს პირველად საგამოცდო ცენტრი გაიხსნება ამბროლაურშიც.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცნობებს გამოსაცდელებს, რომ წელს აღარ მოქმედებს გამოცდებთან დაკავშირებული კოვიდ რეგულაციები. სხვა ინფექციური დაავადებების მქონე პირების მსგავსად, კოვიდინფიცირებული გამოსაცდელები უნდა დაუკავშირდნენ ცენტრის ცხელ ხაზს ნომერზე (995 32) 2 47 33 33 და გამოცდის დაწყებამდე წარადგინონ შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ე. მინდელის N 9), რათა იმავე სესიაზე ჩაუტარდეთ გამოცდა სპეციალურად მოწყობილ საგამოცდო სექტორში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში