დავრწმუნდით, რომ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად უდგება საკითხს, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის, ქვეყანას პოზიტიური შთაბეჭდილებით ვტოვებთ - დევიდ ო’სალივანი

28 ივნისი 2023, 18:42 636 ნახვა

დავრწმუნდით, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან სერიოზულად უდგება საკითხს, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლის პლატფორმად, – ამის შესახებ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა.

„თბილისში ვიმყოფებოდი ამერიკელ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთად, რა დროსაც შევხვდით საქართველოს ხელისუფლებას. ვფიქრობ, ზოგადი კონტექსტი თქვენთვის ცნობილია. რუსეთის მიერ უკრაიანაში უკანონო ფართოამასშტაბური და არაპროვოცირებული ინტერვენციის დაწყების შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებამ დააწესა უპრეცენდტო დონის სანქციები. ამ სანქციების მიზანია ხელი შეუშალოს რუსეთის უნარს, აწარმოოს ეს ომი, წაერთვას რუსეთის მთავრობას ამ ომის წარმოებისთვის საჭირო შემოსავალი და რუსეთს დაეკისროს დიდი ეკონომიკური საფასური ამ სასტიკი და არაპროვოცირებული ომისთვის. ამჟამად ჩვენ კონკრეტულად ვსწავლობთ სანქციების გვერდის ავლის საკითხს, კონკრეტულად კი ჩვენ ფოკუსირებული ვართ ბრძოლის ველზე საჭირო 38 პროდუქტზე, რომელიც აღმოჩენილია ბრძოლის ველზე უკრაინელების მიერ და რომლებიც გამოყენებულია რუსული იარაღის გასაძლიერებლად. ჩვენ განსკუთრებით ვართ შეშფოთებული, თუ ხდება ამ პროდუქტებზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლა. ამის გამო ჩვენ ბოლო რამდენიმე თვეში რამდენიმე ქვეყანაში ვიმყოფებოდით ვიზიტით, ზოგჯერ ერთად, ზოგჯერ ცალ-ცალკე და ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩვენ ვიმყოფებოდით საქართველოში. უნდა ვთქვა, რომ საქართველოს არ აქვს დაწესებული სანქციები. შესაძლოა, ჩვენ იმედგაცრუებული ვართ, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ. ჩვენ ვისურვებდით მაღალი დონის თავსებადობას საგარეო პოლიტიკაშიც, თუმცა ჩვენ ასევე გვესმის, ძალიან სპეციფიკური სიტუაცია, რომელშიც იმყოფება საქართველო ეკონომიკურად, გეოგრაფიულად და რუსეთთან მრავალ მხრივ მჭიდრო კონტაქტების კუთხით. ჩვენ გვესმის, რომ ისინი არ აპირებენ ჩვენი სანქციების განხორციელებას.

ბოლო ორ დღეში რაც ვნახეთ, დავრწმუნდით, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან სერიოზულად უდგება საკითხს, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლის პლატფორმად. ისინი იღებენ მნიშვნელოვან ზომებს საქართველოდან ექსპორტის კონტროლთან დაკავშირებით, იმ სენსიტიურ 38 პროდუქტთან დაკავშირებით. იგივეა ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით, სადაც ისინი ძალიან ფხიზლად არიან. ჩვენ გულწრფელად შთაბეჭდილების ქვეშ ვართ იმ ზომებით, რომლებიც იქნა მიღებული. მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ჩვენ აქ ჩამოვედით პარტნიორობისა და თანამშრომლობისთვის. კერძოდ, ევროკავშირის მხრიდან ჩვენ, ევროკავშირსა და საქართველოს გვაქვს მნიშვნელოვანი ორმხრივი დღის წესრიგი, რომელიც იმედია, ერთ დღეს გახდება ევროკავშირის წევრი. სანქციების ეს საკითხი, რომლითაც გარკვეული დრო ვიქნებით მოცული,  ჩვენ თავიდან უნდა ავირიდოთ, რომ ეს არ გახდეს დაბრკოლება ჩვენს მჭიდრო ორმხრივი ურთიერთობებისთვის. მოხარული ვარ, რომ რაც ბოლო ორ დღეში ვიხილეთ, ამის საფუძველს არ იძლევა. ეს ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი იყო და ქვეყანას პოზიტიური შთაბეჭდილებით ვტოვებთ“, – განაცხადა დევიდ ო’სალივანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი