მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ, რომ საქართველოს მიენიჭოს სტატუსი და ომის პარტიამ კიდევ ერთხელ არ გაიმარჯვოს - კობახიძე

28 ივნისი 2023, 13:01 648 ნახვა

გლობალური ომის პარტია თუ გადაწყვეტს, რომ საქართველოს არ მიენიჭოს სტატუსი, მას შეუძლია, გამოწიოს ნებისმიერი ერთი ქვეყანა და ჩვენ სტატუსი არ მოგვენიჭება, ასეთ პირობებში, ჩვენთვის ნებისმიერი ქვეყნის ძლიერი მხარდაჭერა განსაკუთრებით ღირებულია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მაქსიმალურად უნდა იმუშაონ, რათა გლობალურმა ომის პარტიამ კიდევ ერთხელ არ გაიმარჯვოს.

"ნებისმიერი ერთი ქვეყნის პოზიციას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, დადებითი ან უარყოფითი კუთხით. იმის გათვალისწინებით, რომ ევროსაბჭოში გადაწყვეტილებები სრული კონსენსუსით მიიღება და საჭიროა 27-ვე ქვეყნის მხარდაჭერა, ნებისმიერი ერთი ქვეყნის პოზიციამ შეიძლება განაპირობოს გადაწყვეტილების ერთი ან მეორე ფორმით მიღება. თუ გლობალური ომის პარტია გადაწყვეტს, რომ საქართველოს არ მიენიჭოს სტატუსი, მას შეუძლია გამოწიოს ნებისმიერი ერთი ქვეყანა და ჩვენ სტატუსი არ მოგვენიჭება. ასეთ პირობებში, ჩვენთვის ნებისმიერი ქვეყნის ძლიერი მხარდაჭერა არის განსაკუთრებით ღირებული. თუ ეს არის უნგრეთის პოზიცია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რისკები არის, რადგან მათემატიკურად რომ გავყვეთ, 27 ქვეყნიდან ერთი ქვეყანა შეიძლება გლობალურმა ომის პარტიამ გამოიწვიოს და სტატუსი არ მოგვენიჭება. ასეთ პირობებში, ჩვენი შანსები არის 1/27. წარმოიდგინეთ, რამხელა რისკებზეა საუბარი. თუ ასეთ პირობებში კონკრეტული ქვეყნებიდან ძალიან ძლიერი მხარდაჭერა არ გვექნება, შეიძლება, გლობალურმა ომის პარტიამ გადაძალოს. ანუ, ამ ეტაპზე გლობალურ ომის პარტიას უპირატესობა აქვს. მას შეუძლია, ერთი ქვეყანა გარეთ გამოსწიოს და ჩვენ სტატუსი არ მოგვენიჭება, თუ იმ დროისთვის ამის ინტერესი გლობალურ ომის პარტიას ექნება. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ გლობალურმა ომის პარტიამ კიდევ ერთხელ არ გაიმარჯვოს, შარშან ივნისში გაიმარჯვა. იმედია, დეკემბერში ასე არ მოხდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მდიდარ „ენჯეოებს“ იმედი აქვთ, რომ დეკემბერში საქართველოს სტატუსს არ მიანიჭებენ, რის შემდეგაც მთავრობის გადადგომას მოითხოვენ.

"ეს არის სერგო ორჯონიკიძის მიდგომა. „სოროსის ფონდში“ შეიკრიბნენ კოლექტიური სერგო ორჯონიკიძეები, კოლექტიური ვანო ჩხიკვაძეები, „ენჯეოები“, რომელთა თვითმიზანია, რომ საქართველომ სტატუსი არ მიიღოს. ბუნებრივია, ყველა „ენჯეოზე“ არ არის საუბარია, საუბარია ყველაზე მდიდარ „ენჯეოებზე“, მათ ერთადერთი მიზანი აქვთ, რომ არ მოხდეს ამ გადაწყვეტილების მიღება ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ და შემდეგ ეს გამოიყენონ იმისთვის, რომ სცენაზე ავიდნენ და მთავრობის გადადგომა მოითხოვონ, რაც შარშან, ივნისში გააკეთეს, როცა საქართველოს უსამართლოდ სტატუსი არ მიენიჭა. ზუსტად ეს „ენჯეოები“ სცენაზე ავიდნენ და მთავრობის გადადგომას ითხოვდნენ. აქაც იგივე იმედი აქვთ, რომ დეკემბერში სტატუსი არ მოგვენიჭება, კიდევ ერთხელ უნდა ავიდნენ სცენაზე და მოითხოვონ მთავრობის გადადგომა. იმედი გვაქვს, დეკემბერში სტატუსი მოგვენიჭება. მათი შეფასებები არის სრული ლუსტრაცია იმის, რომ ისინი არიან კოლექტიური სერგო ორჯონიკიძეები“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, რუსეთში განვითარებული მოვლენების დროს რომ ოპოზიცია ყოფილიყო ხელისუფლებაში, ქვეყანას უბედურებას დააწევდნენ.

„ოპოზიციამ საკუთარი თავი აჩვენა. გახსოვთ, პირადად მე, მმართველი პარტიის თავმჯდომარე, დილიდან გამოვედი და მოვუწოდე მათ, სიმშვიდე შეენარჩუნებინათ. ამაზეც სპეკულირებენ, ვითომ ჩვენგან არავინ გამოსულა. ყველაზე მარტივი იყო სიმშვიდის შენარჩუნება. ბუნებრივია, ჩვენი საქმე ვერ იქნება სხვა სახელმწიფოს, მათ შორის რუსეთის შიდა პოლიტიკაში ჩარევა, თუმცა ვერ მოითმინეს და საკუთარი თავი აჩვენეს, პირდაპირ გულშემატკივრობდნენ კაცს, რომელიც ამაყობდა იმით, რომ უკრაინელების სასაკლაო მოაწყო ბახმუტში.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ელემენტარული ანალიზის საშუალება ხომ უნდა გქონდეს, მიხვდე, რომ ეს იყო ჩვეულებრივი სცენარი. ერთი, რომ ეს ვერ გაანალიზეს; მეორე –  გამოავლინეს ათასი სისულელე. პრიგოჟინის ამბოხის ფონზე რომ დაწერ, სოჭი საქართველოა, არ ვიცი, ან დებილი უნდა იყო, ან მოღალატე'' – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტს გამოეხმაურა, მისივე თქმით, ძალადობა არის კატეგორიულად მიუღებელი.

"რაც შეეხება ძალადობის წახალისებას, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, თვეებისა და წლების განმავლობაში ჩვენ ვისმენდით ძალადობის წამახალისებელ განცხადებებს, გამოსვლებს, სიუჟეტებს და ა.შ. შეგახსენებთ, მაგალითად, იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატი, მას თავზე დაამხეს ნაგვის ურნა და ამის წამახალისებელი სიუჟეტები კეთდებოდა თქვენს ტელევიზიებში. პოლიტიკოსები აკეთებდნენ ამის წამახალისებელ განცხადებებს, ელჩების დუმილიც იყო ამ ძალადობის წახალისება. ასევე, მინდა, შეგახსენოთ, რომ ადამიანი, რომელიც პოლიციელებს ცეცხლს უკიდებდა, ლამის გმირად გამოაცხადეს იმავე ადამიანებმა. აქაც იყო დუმილი კონკრეტული ელჩების მხრიდან და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ძალადობის წახალისება. როდესაც ადამიანები პირდაპირ გამოდიოდნენ რუსთაველზე და დედას იგინებოდნენ, უწმაწური სიტყვებით შეურაცხყოფას აყენებდნენ ადამიანებს, ეს შეფასდა კონკრეტული ელჩის მხრიდან, როგორც გამოხატვის თავისუფლება“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, არ შეიძლება, დედის გინება და უწმაწურობა შეფასდეს, როგორც გამოხატვის თავისუფლება.

„არამარტო ძალადობის წახალისება ხდება, ამ ყველაფერს არქმევდნენ სამოქალაქო აქტივიზმს და ეს ბევრმა დაიჯერა. ვინც იძალადა, მაგალითად, ზურა ჯაფარიძეზე, მიშა მშვილდაძეზე, მათ დააჯერეს სწორედ ამ ადამიანებმა, ოპოზიციამ, ენჯეოებმა, ელჩებმა დააჯერეს, რომ ეს ყველაფერი, ანუ ფიზიკური თუ ვერბალური ძალადობა არის სამოქალაქო აქტივიზმი. ჩვენ ყველას უნდა ვუთხრათ, რომ ეს არის ტყუილი. ეს შეიძლება, გითხრას ელჩმა, კონკრეტულმა პოლიტიკოსმა, კონკრეტულმა ენჯეომ, მაგრამ ეს არის ტყუილი. ფიზიკური და ვერბალური ძალადობა არ არის სამოქალაქო აქტივიზმი. ეს უნდა შეიგნოს აბსოლუტურად ყველამ, როგორც ერთ მხარეს, ასევე მეორე მხარეს. ფიზიკურ და ვერბალურ ძალადობას არავითარი კავშირი არ აქვს სამოქალაქო აქტივიზმთან. ეს არის რეალობა და ეს ყველამ უნდა გააცნობიეროს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, თვითონ ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავისთავად არის მთლიანად ძალადობაზე აგებული.

„თავის დროზე, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, 2012 წლამდე მთელი მათი პოლიტიკა იყო აგებული ძალადობაზე და დღესაც მათი მთელი პოლიტიკა აგებულია ძალადობაზე და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ ძალადობას ისინი ფუთავენ, როგორც სამოქალაქო აქტივიზმს და ამაში მათ ეხმარებიან როგორც ენჯეოები, ასევე მათი უცხოელი პატრონები. ანუ აქ, ადგილზე არის აგენტურა, მეხუთე კოლონა, მათ ჰყავთ პატრონები გარეთ და ყველა ერთად ცდილობს, ვერბალურ თუ ფიზიკურ ძალადობას დაარქვას სამოქალაქო აქტივიზმი. ჩვენ ყველას, ნებისმიერ მხარეს, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებებისა, უნდა ვუთხრათ, რომ ვერბალურ თუ ფიზიკურ ძალადობას ვერავითარი კავშირი ვერ ექნება სამოქალაქო აქტივიზმთან. ეს არის არა სამოქალაქო აქტივიზმი, არამედ უბრალოდ ძალადობა. შესაბამისად, ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ როგორც ძალადობისგან, ასევე ძალადობის წაქეზებისგან. საქართველოში მოძალადე პირველ რიგში არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, თავისი ენჯეოებით და მათი უცხოელი პატრონებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე განცხადებით, არაძალადობრივ პასუხს მიიღებს ყველა, ვინც ცდილობს, საქართველოში დათესოს აგრესია, რადიკალიზმი და ა.შ.

„ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, თავისი უცხოელი პატრონებით, ენჯეოებით, ცდილობს, საქართველოში დათესოს აგრესია“, – დასძინა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში