ვინც მოუწოდებს საქართველოს, დააწესოს ორმხრივი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მოგვიწოდებს, შევიდეთ შესაძლო სამხედრო დაპირისპირების რისკში - პაპუაშვილი

26 ივნისი 2023, 13:20 619 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოს გამოყენებით საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის არც ერთი ფაქტი ეჭვის დონეზეც კი არ დადასტურებულა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ის, ვინც მოუწოდებს საქართველოს, დააწესოს ორმხრივი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ, მოუწოდებს საქართველოს, გარისკოს ესკალაცია რუსეთის წინააღმდეგ.

"არც ერთი კითხვის ნიშანი საქართველოს მიმართ არ არსებობს. რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღიდან ვთქვით, რა არის ჩვენი პოლიტიკა და ამ პოლიტიკას მივყვებით კეთილსინდისიერად. ჩვენი პოლიტიკაა, რომ საქართველო არ იქნას გამოყენებული საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის და არც ერთი ფაქტი ეჭვის დონეზეც არ დადასტურებულა. 1 300-მდე საზღვრის კვეთა შეჩერდა, გადაზიდვა შეჩერდა, ვინაიდან იყო ან სანქცირებულ კომპანიასთან დაკავშირებული ან ისეთი საგნები, რაც სანქციის ქვეშ იყო. გამომგზავნები იყვნენ, მათ შორის ევროკავშირის წევრები, მათ შორის აშშ. ამიტომ პრობლემები უნდა ვეძებოთ იქ, საიდანაც იგზავნება სანქცირებული ტვირთები და სადაც იგზავნება საბოლოო ჯამში. რაც შეეხება საქართველოს, რომელსაც შეიძლება, მხოლოდ ერთადერთი ფუნქცია ჰქონდეს, შუალედური გადაზიდვის არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

საქართველო თავად არ აწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთის წინაამღდეგ. ამასთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებთანაც ხშირად გვქონდა საუბარი და პარტნიორებისგან აბსოლუტურად არის გაგება ამ მიმართულებით. ის, ვინც მოუწოდებს საქართველოს, დააწესოს ორმხრივი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ, მოუწოდებს საქართველოს, გარისკოს ესკალაცია რუსეთის წინააღმდეგ, ანუ გარისკოს ომი რუსეთთან. ეს არის ორჯერ ორი ოთხი. ამიტომ, ნებისმიერი ადამიანი, ვინც მოუწოდებს საქართველოს, რომ დააწესოს ორმხრივი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, მოგვიწოდებს, რომ შევიდეთ შესაძლო სამხედრო დაპირისპირების რისკში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ორი დღის წინ ვნახეთ, რომ საზოგადოებაში იყო დაბნეულობის შემოტანის, პანიკის შექმნის მცდელობა, საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ტაქტიკები იქნა გამოყენებული.

"არ მგონია, ემოციების ბრალი იყო ის, რაც ორი დღის წინ ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის ნაწილის წარმომადგენლების მხრიდან ვიხილეთ. ვფიქრობ, ეს აჩვენებს, რომ საქმე გვაქვს საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ტაქტიკების გამოყენებასთან. გადაშალეთ ნებისმიერი სახელმძღვანელო, როგორ გამოიყენება ჰიბრიდული ომის ტაქტიკები და ნახავთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ზუსტად იგივე ტაქტიკით მოქმედებს ოპოზიცია და რამდენიმე „ენჯეო“. ვნახეთ, რომ საზოგადოებაში იყო დაბნეულობის შემოტანის მცდელობა, კონსპირაციების ჩამოყალიბება, თითქოს რაღაც კავშირები არსებობდა, იყო პანიკის შექმნის მცდელობა, თითქოს ჩვენს საზღვარზე მოაწყდნენ, გავრცელდა ტყუილი. ამაში ჩართული იყვნენ მათ შორის ზოგიერთი უცხოური მედიასაშუალების ქართული რედაქციის წარმომადგენლები. „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის წარმომადგენლები პირდაპირ „ტვიტერის“ მეშვეობით ავრცელებდნენ ყალბ ინფორმაციას, თითქოს ლარსის სასაზღვრო პუნქტს რუსეთის მოქალაქეები მოაწყდნენ. ეს აბსოლუტური დეზინფორმაცია იყო. შემდეგ ამას მოჰყვა სოციალურ ქსელში რამდენიმე აქტივისტის მიერ ილუზიის შექმნა, რაღაც სახალხო აღშფოთებაზე ჰქონდა საუბარი და აქციების დაანონსებაზე. საქართველოს წინააღმდეგ ჩვეულებრივი ჰიბრიდული ომის ტაქტიკები იქნა გამოყენებული", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის, დევიდ ო’სალივანის თბილისში ვიზიტს, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ დევიდ ო’სალივანს ექნება შესაძლებლობა, გაეცნოს, რამდენად მომზადებული არიან საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორც ტექნიკური აღჭურვილობის, ისე რისკების გამოვლინების კუთხით, რათა არ იყოს საქართველოს ტერიტორიის გამოყენების და სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობა.

"სხვათაშორის, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო ინსიტუტების მცდელობა, ჩვენ დიდი დახმარება გვქონდა როგორც ევროკავშირის მხრიდან, ასევე შეერთებულო შტატების მხრიდან, რომ გვქონოდა იმ ბაზებთან წვდომა. ჩვენს საბაჟო სამსახურებს ჰყავთ უკვე სპეციალისტები, რომლებიც ამა თუ იმ ბაზაში მუშაობენ. ერთი მხრივ, შეუძლიათ მოკვლევა და ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც ტვირთის დეტალური შემოწმების შესაძლებლობას იძლევა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი