კიბერუსაფრთხოება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, მას ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს - პრემიერი

21 ივნისი 2023, 11:19 643 ნახვა

კიბერუსაფრთხოება 21-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და ზოგადად, კიბერგანზომილება თანამედროვე ცივილიზაციისა და ტექნოლოგიური განვითარების ორგანული ნაწილი გახდა - მას სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმი-2023“-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში კიბერუსაფრთხოების როლზე ისაუბრა.

„ძვირფასო მეგობრებო, კიბერუსაფრთხოების როლს რაც შეეხება საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში. ამაზე მინდა რამდენიმე სიტყვით მოგმართოთ. ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, საგანმანათლებლო სისტემა, სახელმწიფო სერვისები, მთავრობის საქმიანობა, თუ რიგითი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება მჭიდროდ არის დაკავშირებული ციფრულ ტექნოლოგიებთან. საქართველო ტექნოლოგიურად განვითარებული სამყაროს ნაწილია და მსგავსი კიბერსაფრთხეების წინაშე დგას, ბუნებრივია, ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული და შესაბამისად, კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი როგორც სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, ისე ბიზნესისა თუ მთლიანად საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. კიბერუსაფრთხოება საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სექტორის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და მთავრობა ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს როგორც ერთიანი სამთავრობო ძალისხმევის, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის მიმართულებით,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების სფეროში საგანმანათლებლო-კვლევითი მიმართულებაც ვითარდება, რათა ქვეყანამ შეძლოს მოწინავე ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ფეხის აწყობა.

„რაც შეეხება ჩვენს ხედვას ამ მიმართულებით. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია მნიშვნელოვან შედეგებს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით: ჩვენ გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა და კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია, რომლის აღსრულებაში ჩართულნი არიან სამთავრობო უწყებები და საერთაშორისო პარტნიორები. ქვეყანაში ფუნქციონირებენ მკაფიოდ დელეგირებული უფლებამოსილებებით აღჭურვილი და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული უწყებები, რომელთა შესაძლებლობების გაძლიერებისთვის მუდმივი მუშაობა მიმდინარეობს ჩვენი მთავრობის მხრიდან. მე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ქვეყნის კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით წარმატებით ვთანამშრომლობთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გაერთიანებულ სამეფოსთან და ასევე სხვა პარტნიორებთან- ევროკავშირთან და ნატოს წევრ ქვეყნებთან. ჩვენს ქვეყანაში ვითარდება კიბერუსაფრთხოების სფეროში საგანმანათლებლო-კვლევითი მიმართულებაც, რათა ჩვენმა ქვეყანამ შეძლოს მოწინავე ტექნოლოგიურ ცვლილებებთან ფეხის აწყობა"- განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი