აზერბაიჯანთან სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო დიდ როლს იძენს ჩვენი ქვეყნებისა და მთლიანად რეგიონის ინტერესების შესაბამისად. აქტიურად ვიყავით ჩართული შავი ზღვის კაბელის მიმართულებით, რომელიც საქართველოს ინიციატივით დაიწყო და აზერბაიჯანი ჩვენთან ერთად არის საერთო შეთანხმების ნაწილი, რომელიც გავაფორმეთ ევროკავშირთან, – ამის შესახებ ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულმა პროექტმა ახალი როლი და ფუნქცია უნდა შესძინოს საქართველოს.
"კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო ამ პროექტის მნიშვნელობის შესახებ, რომელმაც ახალი როლი და ფუნქცია უნდა შესძინოს ჩვენს ქვეყანას, როდესაც საკითხი ეხება როგორც ჩვენი ქვეყნის, ისე რეგიონის და ზოგადად, ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მისივე თქმით, მეზობელ ქვეყნებთან მიმართებით საქართველოს საგარეო პოლიტიკა ორიენტირებულია დაბალანსებულ ურთიერთობებზე, ჩვენი მიზანია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის ხელშეწყობა.
"ჩვენი მიზანია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილმეზობლობისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, რა მიმართულებითაც ინტენსიურად ვმუშაობთ და ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საქართველომ მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში ქმედითი ნაბიჯები გადადგა ორ მეზობელ ქვეყანას შორის კონსტრუქციული დიალოგის მიმართულებით. გამოვთქვამთ მზაობას, მომავალშიც გავაგრძელოთ ამ მიმართულებით ჩართულობა, რადგან მიგვაჩნია, რომ საქართველოს აქვს ბუნებრივი როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. გამოვთქვამთ მზაობას, ნებისმიერ დროს შევიტანოთ ჩვენი ღირებული წვლილი. ყველას კარგად გვახსოვს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირადი ჩართულობა ამ პროცესში და ის კონკრეტული შედეგები, რომლებიც მისმა ძალისხმევამ მოიტანა ჩვენი ორი სამხრეთელი მეზობლის დაახლოებასა და, ასე ვთქვათ, ურთიერთობების გაუმჯობესებაში“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
პარლამენტში „მინისტრის საათი“ დაიწყო. „მინისტრის საათის“ ფორმატში გაწეულ საქმიანობას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი წარადგენს.