პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში.ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ირაკლი ღარიბაშვილს სამუშაო სადილზე უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი თემა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი იყო. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით. ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება ისტორიული გადაწყვეტილებაა და ხაზი გაუსვეს, რომ წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, მათ შორის, პოლარიზაციის დასრულების თვალსაზრისით. - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ბელგიის სამეფოს წარმომადგენლობითი პალატის პრეზიდენტს ელიან ტილიესსაც შეხვდა. მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები და ყურადღება გაამახვილეს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განმტკიცების შესაძლებლობებზე. იგეგმება პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა კულტურის საერთაშორისო ფესტივალის – „ევროპალიისა“ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე, რომელსაც დაწყებისთანავე პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ .