თუ ევროკომისია ამოიღებს ჩანაწერს დეოლიგარქიზაციის თაობაზე 12 პუნქტიდან, ამ შემთხვევაში, ჩვენ ამ კანონს აღარ ავამოქმედებთ - კობახიძე

14 ივნისი 2023, 14:43 643 ნახვა

თუ ევროკომისია გაიზიარებს ვენეციის კომისიის მიდგომას იმასთან დაკავშირებით, რომ პერსონალიზებული კანონი არ არის საჭირო და თუ ამოიღებს ჩანაწერს დეოლიგარქიზაციის თაობაზე 12 პუნქტიდან, ამ შემთხვევაში, ჩვენ ამ კანონს აღარ ავამოქმედებთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონსა და ვენეციის კომისიის შეფასებაზე საუბრისას განაცხადა.

„პირველ რიგში, ბოდიში უნდა მოვუხადოთ რადიკალურ ოპოზიციას, რომ საპარლამენტო სამუშაო რეჟიმი ვერ მოვარგეთ მათი დასვენების რეჟიმს, ძალიან დიდი ბოდიში ამისთვის. თურმე ისვენებდნენ მაშინ, როდესაც დღის წესრიგში იყო შეტანილი ეს საკითხი. კეთილი უნდა ინებოს ყველა დეპუტატმა და ბოლომდე უნდა დაესწროს პარლამენტის მუშაობას. გუშინ, როდესაც ეს საკითხი გადიოდა, ერთადერთი დეპუტატი რადიკალური ოპოზიციიდან იყო წარმოდგენილი პარლამენტის სხდომათა დარბაზში, რაც აჩვენებს იმას, თუ როგორია მათი დამოკიდებულება 12 პუნქტის მიმართ და კანდიდატის სტატუსის მიმართ. რაც შეეხება თვითონ შინაარსს - ჩვენი იდეა არ იყო ამ კანონის მიღება, მოგეხსენებათ ეს იყო ევროკომისიის იდეა. ეს არის 12 პუნქტის შემადგენელი ნაწილი.

 

თუ ევროკომისია გაიზიარებს ვენეციის კომისიის მიდგომას იმასთან დაკავშირებით, რომ პერსონალიზებული კანონი არ არის საჭირო და თუ ამოიღებს ჩანაწერს დეოლიგარქიზაციის თაობაზე 12 პუნქტიდან, ამ შემთხვევაში ჩვენ ამ კანონს აღარ ავამოქმედებთ. ვენეციის კომისია ამბობს ერთს და ევროკომისია ამბობს მეორეს. თუ ევროკომისია დაეთანხმება ვენეციის კომისიას, ამ შემთხვევაში, ჩვენ ამ კანონს აღარ ავამოქმედებთ და თებერვალში გაუქმდება ჩვენივე მიღებული კანონი“,- განაცხადა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, თუ პერსონალიზებული მიდგომა არ დანერგე, კეზერაშვილის პრობლემა ქართულ პოლიტიკაში ვერ გადაიჭრება.

„ჩვენ გვჭირდება 12-პუნქტიანი გეგმიდან იმ ჩანაწერის ამოღება, რომელიც უკავშირდება დეოლიგარქიზაციას, რათა დავადგინოთ შემდეგი, რომ ევროკომისია მხარს აღარ უჭერს პერსონალიზებულ მიდგომას. ე.წ. სისტემური მიდგომა საერთოდ არ უზრუნველყოფს პრობლემის გადაწყვეტას. იქ საუბარია სხვადასხვა სფეროში რეფორმების გატარებაზე, მაგრამ, მაგალითად, კეზერაშვილი ღიად აფინანსებს პარტიებს, „ენჯეოებს“ და მედიასაშუალებებს. ვერცერთი სისტემური რეფორმა ამ პრობლემას ვერ გადაჭრის. თუ პერსონალიზებული მიდგომა არ დანერგე, კეზერაშვილის პრობლემა ქართულ პოლიტიკაში ვერ გადაიჭრება. ჩვენ გვჭირდება ევროკომისიიდან მკაფიო გზავნილი. ევროკომისია ამბობს, რომ ოლიგარქებს არ უნდა ჰქონდეთ გავლენა ქართულ პოლიტიკაზე. ჩვენ გვაქვს მტკიცებულება კეზერაშვილთან დაკავშირებით, მან აღიარა, რომ აფინანსებს მედიას, პარტიებს, „ენჯეოებს“ - მსგავსი არავითარი ფაქტი არ არსებობს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით. ვენეციის კომისია ამბობს, რომ ამ საკითხის მოწესრიგება ორი მიდგომით შეიძლება. ევროკომისიამ უნდა დაადასტუროს, რომ აღარ ემხრობა პერსონალიზებულ მიდგომას, რასაც თავის დროზე ემხრობოდა უკრაინაში. სიტყვა დეოლიგარქიზაცია თავისთავად გულისხმობს პერსონალიზებულ მიდგომას. „დეკობახიძიზაცია“ რომ ჩაიწეროს, ეს არის თუ არა პერსონალიზებული მიდგომა? ასევეა დეოლიგარქიზაციაც - ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა“, - აცხადებს კობახიძე.

მისივე განცხადებით, სამწუხაროა, რომ ვიღაცას აშშ-ის ელჩი საკმაოდ ხშირად შეჰყავს შეცდომაში და ამჯერადაც სამწუხაროდ მისგან გავრცელდა ეს არასწორი ინფორმაცია.

„სამწუხაროა, არ ვიცი ვინ მოატყუა ელჩი. ყოველ შემთხვევაში მისი მხრიდან გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რაც ძალიან სამწუხაროა. ეს არის არ არის ერთადერთი შემთხვევა. მან არასწორი ინფორმაცია ასევე გაავრცელა ამერიკულ კანონთან დაკავშირებით და ა.შ. სამწუხაროა, რომ ვიღაცას ელჩი საკმაოდ ხშირად შეჰყავს შეცდომაში და ამჯერადაც სამწუხაროდ მისგან გავრცელდა ეს არასწორი ინფორმაცია. ახლა მიიღო უკრაინამ დასკვნა ამ კანონთან დაკავშირებით. შესაბამისად, დადასტურდა, რომ ინფორმაცია იყო არასწორი. ეს ტყუილი უთხრეს ელჩს და შემდეგ მან შეცდომაში შეიყვანა საზოგადოება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი