ჩვენ არასდროს გვითქვამს, როგორია სწორი მიდგომა დეოლიგარქიზაციის საკითხზე, ჩვენ მოვუწოდებთ სისტემური მიდგომისკენ, სპეციალური კანონის მიღების ნაცვლად - პაველ ჰერჩინსკი

14 ივნისი 2023, 14:16 632 ნახვა

გუშინწინ ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა თავისი შეფასება დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიის თანახმად, ეს კანონპროექტი არ უნდა იქნა მიღებული, რადგან არსებობს სერიოზული რისკები, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩის თქმით, ევროკომისია მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას.

„ჩვენ, როგორც ევროკომისია, მხარს ვუჭერთ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას. ვენეციის კომისია არის სტანდარტის დამდგენი, როდესაც საქმე ეხება ამგვარ კანონმდებლობას. ასე რომ, ჩვენ მოვუწოდებთ სისტემური მიდგომისკენ, სპეციალური კანონის მიღების ნაცვლად. დეოლიგარქიზაცია არის 12 პრიორიტეტს შორის ერთ-ერთი. ეს არის პრიორიტეტი ნომერი ხუთი. ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და ჩვენ ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობა წინ წაიწევს დეოლიგარქიზაციის საკითხში.

ჩვენ არასდროს გვითქვამს, რა არის სწორი მიდგომა. ჩვენ ვთქვით, რა არის გასაკეთებელი და არა ის, როგორ უნდა გაკეთდეს. ეს იყო ქართველების გადაწყეტილება, წარმოედგინათ კანონპროექტი, ახლა ჩვენ ვიცით, რომ ვენეციის კომისიის მიხედვით, ეს არ არის სწორი მიდგომა. ვენეციის კომისია გამოდის სისტემური მიდგომის შეთავაზებით და ამიტომ ჩვენც ვგრძნობთ, რომ სისტემურ მიდგომა არის სწორი, რაც მოიცავს ბევრ რამეს. ეს ნიშნავს სასამართლოს სისტემის რეფორმას, ეს ნიშნავს მეტ ძალისხმევას კორუფციასთან ბრძოლაში, ეს ნიშნავს მეტ გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას. ეს ყველაფერი კი ნიშნავს ძლიერ სახელმწიფოს, რაზეც მუშაობისთვის ჩვენ მოწადინებულები ვართ კოლეგებთან ერთად, რათა ამას მივაღწიოთ, თქვენ შეგიძლიათ, ჩვენი ძლიერი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

მისივე თქმით, ისინი  მხარს უჭერენ სახალხო დამცველის აპარატს.

„სახალხო დამცველის აპარატს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი. მისი როლი გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში. როგორც ევროკავშირი, ჩვენ მხარს ვუჭერდით და მხარს ვუჭერთ სახალხო დამცველის აპარატს. ეს აპარატი ასრულებს დიდ როლს, როდესაც საქმე ეხება იმას, რომ დავრწმუნდეთ, ადამიანის უფლებები, განსაკუთრებით კი ყველაზე დაუცველი ჯგუფების უფლებები საქართველოში კარგად დაცულია“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი