რუსეთის ძალებმა გასულ ღამეს კიევსა და კრივი-რიჰზე საჰაერო იერიში განახორციელეს - უკრაინული მედია

13 ივნისი 2023, 10:10 617 ნახვა

რუსმა სამხედროებმა გვიან ღამით კიევს საკრუიზო რაკეტებით შეუტიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოახერხეს მტრის ყველა სამიზნის განადგურება. ჯერ უცნობია, მოჰყვა თუ არა საჰაერო თავდასხმას მსხვერპლი.

აფეთქება მოხდა ქალაქ კრივი-რიჰიშიც, სადაც ოკუპანტების სამიზნე რამდენიმე ობიექტი გახდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა 25 პირი და დაიღუპა სამი. ნანგრევების ქვეშ ამ დრომდე რამდენიმე ადამიანია მოყოლილი. მაშველები ადგილზე მუშაობას განაგრძობენ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, უკრაინელმა დამცველებმა მარინკას მახლობლად რუსეთის 14 შეტევა მოიგერიეს. ჯამში, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 26 შეტაკება მოხდა.

"მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლუგანსკის და დონეცკის ოლქების მთლიანად ოკუპაციის მცდელობებზე, მძიმე ბრძოლები გრძელდება. გასული დღის განმავლობაში ფრონტის მითითებულ სექტორზე 26 საბრძოლო შეტაკება მოხდა“, - აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, მოწინააღმდეგის ქმედებების საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 9 დარტყმა განახორციელა იმ ადგილებში, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა იყო დისლოცირებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი