საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო

12 ივნისი 2023, 20:22 654 ნახვა

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ილია კოკაიას სახელობის საფეხბურთო ცენტრის მოედანზე 2023 წლის 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო. 21-წლამდელებმა 25-კაციანი შემადგენლობით ივარჯიშეს. ცნობილი გახდა, რომ ნაკრებს გაფართოებულ სიაში მყოფი სამი ფეხბურთელი დააკლდა. გიორგი კვერნაძე (დინამო ბათუმი), გიორგი ლომთაძე (გაგრა) და ლუკა ხორხელი (სამგურალი) მიმდინარე საწვრთნელ პროცესში არ მონაწილეობდნენ, თუმცა გუნდს საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებიან. რამაზ სვანაძის გუნდი 15 ივნისს, ევროპის ჩემპიონატამდე, კვიპროსს უმასპინძლებს და ამხანაგურ მატჩს გამართავს. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს 21 ივნისს „დინამო არენაზე“ პორტუგალიასთან მატჩით გახსნის. უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. თამაშები საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას 8 ივლისს ბათუმი არენა უმასპინძლებს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში