მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება

11 ივნისი 2023, 12:05 652 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისთვის ემზადება. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსულტაციების მიუხედავად ეროვნული ბანკის საბჭოში კანდიდატების წარდგენას არ აპირებს, რაც ფინანსური ინსტიტუტის საქმიანობას აფერხებს. ვეტოს დაძლევის პროცედურაში ოპოზიცია მონაწილეობას არ მიიღებს. ხელისუფლების ოპონენტები პრეზიდენტის შენიშვნებს კანონპროექტთან დაკავშირებით იზიარებენ.

მმართველი გუნდის ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, ეროვნულ ბანკში დამატებით პირველი ვიცე პრეზიდენტის თანამდებობა იქმნება, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ბანკის ხელმძღვანელის უფლებამოსილება ექნება. სწორედ ამ ჩანაწერმა გაუჩინა კითხვები ოპოზიციას და პრეზიდენტს, რომელმაც ვეტოს უფლებით ისარგებლა. ”ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე, პრეზიდენტის ვეტოს საკითხი ორშაბათს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილება. შემდეგ კი, საკითხი სესიაზე გადაინაცვლებს.

თუ პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს არ მიიღებს, კენჭი კანონის პირვანდელ რედაქციას ეყრება და მას პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა დასჭირდება.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი