თორნიკე რიჟვაძემ მაიამიში FIABCI-ის უძრავი ქონების ოსკარად წოდებული 73-ე მსოფლიო კონგრესის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

07 ივნისი 2023, 09:47 554 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ოფიციალური ვიზიტი აშშ-ში გრძელდება. ქალაქ მაიამიში FIABCI-ის უძრავი ქონების 73-ე მსოფლიო კონგრესი და FIABCI World Prix d'Excellence Awards 2023 ოფიციალურად გაიხსნა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კონგრესს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ქალაქ მაიამი ბიჩის მერ, დენ გელბერთან ერთად საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო და გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

კონგრესი ქალაქ მაიამის მერმა, დენ გელბერმა, ფლორიდის შტატის 43-ე გუბერნატორმა, ჯებ ბუშმა, FIABCI-ის მსოფლიო პრეზიდენტმა, სუზან გრინფილდმა და Miami Realtors-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა, ტერეზა ქინგ ქინიმ გახსნეს.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საამაყოა, რომ FIABCI-ის წლევანდელ საერთაშორისო ღონისძიებაზე ბათუმის საფეხბურთო სტადიონი საჯარო ინფრასტრუქტურის ჯილდოზეა ნომინირებული და დიდი იმედი გვაქვს, რომ სტადიონი ამ დამსახურებულ ჯილდოს მოიპოვებს. ველოდებით შედეგებს”, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მაიამი FIABCI-ის უძრავი ქონების 73-ე მსოფლიო კონგრესს და FIABCI World Prix d'Excellence Awards 2023-ის დაჯილდოებას 5-9 ივნისს მასპინძლობს, სადაც ბათუმის სტადიონი საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის/კეთილმოწყობის კატეგორიაში ჯილდოზეა წარდგენილი.

FIABCI მასშტაბური ღონისძიებაა, რომელშიც მსოფლიოს ათასობით წარმატებული კომპანია და 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს. ღონისძიების ფარგლებში უძრავი ქონების, სამშენებლო და საინვესტიციო საკითხებზე მაღალი დონის შეხვედრები გაიმართება. გარდა ამისა, 2023 წლის უძრავი ქონების გენერალური ასამბლეა ჩატარდება.

უძრავი ქონების საერთაშორისო ღონისძიებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი თინათინ ზოიძე, ბიზნეს წრეების წარმომადგენლები ესწრებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი