ჩვენს ოპოზიციას დავალებული აქვს უფრო ბევრჯერ გამოიყენოს სიტყვა - რუსული, რაც შეიძლება დააზიანოს საქართველოს ხელისუფლება, დააბრალოს მას პრორუსულობა და თვითონ დაიბრალოს პროევროპელობა, მაგრამ ამას ერთი მტკიცებულება უშლის ხელს - ისინი ძირითადად არასდროს იღებენ ისეთ განხილვებში მონაწილეობას, რომელიც ევრორეკომენდაციების შესრულებას შეეხება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„გუშინ რამდენიმე საკითხი იყო პლენარულ სხდომაზე განხილული, რომელსაც არც კი დასწრებიან. ამის მიზეზი არის მათი პროევროპულობის ფასადურობა. სინამდვილეში ისინი ებრძვიან ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს და ცდილობენ საქართველოსა და მის ხელისუფლებას პრორუსული კურსი დააბრალონ“, - აღნიშნა მდინარაძემ.
მისივე განცხადებით, რუსეთს აღიზიანებს NATO-ს გაფართოება და იბრძვის ამის წინააღმდეგ. ეს არის საკითხი, რომელიც უდავოა და გლობალური ომის პარტიის ყველა აგენტმა გამოიყენა ანტიქართული კამპანიისთვის.
„სინამდვილეში საქმე სხვანაირადაა. ერთადერთი საკითხია, რომელზეც თანამედროვე ცივილიზებული სამყარო თანხმდება და მას ამ საკითხში რუსეთიც კი ეთანხმება, რომ რუსეთს აღიზიანებს NATO-ს გაფართოება და იბრძვის ამის წინააღმდეგ. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ის საოკუპაციო ომს აწარმოებს. არის სხვა მიზეზებიც, მათ შორის ის, რომ უნდა გაქრობა იმ ქვეყნების, რომლებიც მისთვის ბუფერს წარმოადგენდნენ და ეს შეიძლება ასე აღარ იყოს. ეს ქვეყნები შეიძლება გახდნენ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები. ესეც აღიზიანებს და ამის წინააღმდეგ იბრძვის, მაგრამ ვუდასტურებ თითოეულ სიტყვას საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც თქვა, რომ ერთ-ერთი მიზეზი NATO-ს გაფართოებაა. არის საკითხები, რომლებიც უდავოა და ეს უდავო საკითხები გლობალური ომის პარტიის ყველა აგენტმა გამოიყენა ანტიქართული კამპანიისთვის“,- აღნიშნა მდინარაძემ.
მისივე განცხადებით, გონია რომ სალომე ზურაბიშვილი დღეს გაცილებით ობიექტური იქნება და ის, როგორც მინიმუმ, არ დააზიანებს საქართველოს ევროპულ მომავალს ვითომ კრიტიკული განცხადებით.