საბჭოთა ოკუპაციის პირობებში, სწორედ 26 მაისის თავისუფლების იდეას ეფუძნებოდა ქართველი ხალხის რწმენა, გაეგრძელებია ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის - პაპუაშვილი

26 მაისი 2023, 12:47 751 ნახვა

საქართველოს ყველა მოქალაქეს და ჩვენი სამშობლოს ყველა მეგობარს, ვულოცავ ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დამოუკიდებლობის დღე ჩვენი თავისუფლების, სიმტკიცისა და ქართველი ხალხის ძლიერი და შეუპოვარი სულის სიმბოლოა.

"დღეს განსაკუთრებული სიამაყითა და სიხარულით აღვნიშნავთ იმ გზას, რომელმაც საქართველო დღევანდელ თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფომდე მოიყვანა. გამორჩეულად მადლიერები ვართ ჩვენი წინაპრების, რომლებმაც თავისი სიმამაცითა და შეუპოვრობით შექმნეს სახელმწიფოებრიობა და შეგვინარჩუნეს ეროვნული თვითმყოფადობა," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის სახელით, სიკვდილის შემდეგ თავისუფლების საპარლამენტო ორდენით ჯილდოვდებიან საქართველოს დამფუძნებელი კრების ხელმძღვანელი პირები.

„სიმბოლურია, რომ დღეს, ერთი საუკუნის შემდეგ ერთ-ერთი ასეთი მოღვაწე დაუბრუნდა სამშობლოს და პატივით მიებარება მშობლიურ მიწას. ხელისუფლების ძალისხმევით, დღეს, გადასახლების ადგილიდან ჩამოვასვენეთ სახელმწიფო მოღვაწის, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ალექსანდრე ლომთათიძის ნეშტი. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებლობის, სახელმწიფოებრიობისა და პარლამენტარიზმის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს პარლამენტის სახელით, სიკვდილის შემდეგ თავისუფლების საპარლამენტო ორდენით ვაჯილდოვებთ დამფუძნებელი კრების ხელმძღვანელებს: კრების თავმჯდომარეს, კარლო ჩხეიძეს, თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ალექსანდრე ლომთათიძეს და თავმჯდომარის მოადგილეებს – ექვთიმე თაყაიშვილსა და სვიმონ მდივანს. ქართველი ხალხის სახელით, პატივს მივაგებთ მათ, ისევე, როგორც პრეზიდენტის მიერ ეროვნული გმირის წოდებით დაჯილდოებული „სამხედრო ცენტრის“ მეთაურების და პირველი რესპუბლიკის ყველა გმირი ქართველის ღვაწლს ქვეყნის წინაშე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სიტყვით გამოსვლის დროს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა საბჭოთა ოკუპაციის პირობებში ქართველი ერის თავგანწირული ბრძოლის შესახებ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებაში.

„ამ დიდი წინაპრებისა და მათი თანამედროვე პატრიოტების ძალისხმევის მიუხედავად, 1918 წლის 26 მაისს მოპოვებულმა დამოუკიდებლობამ მხოლოდ სამ წელს გასტანა, თუმცა დამოუკიდებლობის დაკარგვამ და საბჭოთა ანექსიამ ვერ ჩაახშო ჩვენი ერის ეროვნული სულისკვეთება და დამოუკიდებლობის მისწრაფებები. საბჭოთა ოკუპაციის პირობებში სწორედ 26 მაისის თავისუფლების იდეას ეფუძნებოდა ქართველი ხალხის რწმენა, გაეგრძელებინა ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ამ სულისკვეთებამ შედეგი გამოიღო და თაობათა ოცნება რეალობად იქცა – საქართველომ, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და ჩვენი მშობლების თაობის ძალისხმევით, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო დამოუკიდებლობის აღდგენა. ფასდაუდებელი და სამაგალითოა წინა თაობების, ჩვენი ერის და ბერის ბრძოლა და თავგანწირვა საქართველოს თავისუფლების მოპოვებაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოს მხარდაჭერისთვის  ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების პროცესში.

"საქართველო ევროპის გარეშე სრულყოფილი ვერ იქნება, მაგრამ ვერც ევროპა იქნება სრულყოფილი საქართველოს გარეშე.  ამ ისტორიულ დღეს, მადლობას, აგრეთვე, ვუხდი ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და მეგობრებს, რომელთა მხარდაჭერა და სოლიდარობა გვეხმარება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებაში. უკრაინაში რუსული აგრესიის ფონზე, უფრო და უფრო იზრდება მშვიდობის მნიშვნელობა. ამიტომაც, საქართველოს თავდაცვის ძალების როლი განუზომელია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

განსაკუთრებული იმედით მივმართავ ახალგაზრდებს, რომლებმაც დღეს ფიცი დადეს ღვთისა და ჩვენი დროშის წინაშე. მინდა გისურვოთ, რომ თქვენი სამშობლოსადმი სამსახური ყოფილიყოს მშვიდობიანი, მაგრამ გამარჯვებებით აღსავსე," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

SKIP

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი