დღეს თუ რამე ჩრდილი ადგას ჩვენი თავისუფლების ზეიმს, ეს არის ჩვენი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია - პრემიერი

26 მაისი 2023, 12:58 502 ნახვა

სრულფასოვანი თავისუფლება ჩვენთვის უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის ერთიანობას გულისხმობს. დღეს თუ რაიმე ჩრდილი ადგას ჩვენი თავისუფლების ზეიმს, ეს არის ჩვენი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია რუსეთის მიერ. მე ღრმად მწამს, რომ სწორედ ერთიანობა არის გზა ქართველთა, აფხაზთა, ოსთა და ამ მიწაზე მცხოვრები ყველა მოქალაქის თავისუფლებისკენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლების სურვილია, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესით თანაბრად ისარგებლოს მისმა თითოეულმა მოქალაქემ, მათ შორის ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოსახლეობამ.

„ჩვენი სურვილია, რომ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესით და განვითარებით თანაბრად ისარგებლოს მისმა თითოეულმა მოქალაქემ, მათ შორის ამჟამად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა მოსახლეობამ. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, ძვირფასო მეგობრებო, რომ მშვიდობისა და ნდობის აღდგენის გზა არის უალტერნატივო. მე მჯერა ჩვენი საერთო მომავლის, მჯერა, რომ მხოლოდ მშვიდობიანი, ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ძალისხმევით, ჩვენ ერთად შექმნით უკეთეს ხვალინდელ დღეს ჩვენი შვილებისათვის, აფხაზთა, ოსთა, ქართველთა მომავალი თაობებისათვის“, - აღნიშნა პრემიერმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თავისუფლების მტერია სიცრუე და დეზინფორმაცია.

„თავისუფლების მტერია სიცრუე და დეზინფორმაცია; როგორც ჩვენი ბრძენი პატრიარქი ბრძანებს, ადამიანმა თავისუფლება შეიძლება დაკარგოს ცრუ თავისუფლების სახელით. თანამედროვე ეპოქაში, როდესაც ყალბი ინფორმაციის გავრცელება, ფსევდო-ფასეულობების პროპაგანდა მთელი კაცობრიობისათვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს და როდესაც ბოროტი ძალები ცდილობენ დაანგრიონ ტრადიციული ფასეულობები, ოჯახური ფასეულობები, ცდილობენ, ფაქტები - აღქმებით ჩაანაცვლონ, რეალობად გაასაღონ სიცრუე - თავისუფლების განმტკიცებისთვის ჩვენს ერთადერთ იარაღად კვლავ რჩება სიმართლე. შესაბამისად მხოლოდ უზენაეს ფასეულობებზე, მშვიდობაზე, კეთილდღეობაზე და სიმართლეზე დაფუძნებული თავისუფალი, ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს შენება უნდა გახდეს ჩვენი საერთო მიზანი და ეროვნული იდეა. ბოლო წლებში ჩვენი ხელისუფლების ეროვნული და გონივრული პოლიტიკით არაერთ ხელშესახებ წარმატებას მივაღწიეთ, რომელიც ყოველდღე გვაახლოებს ამ დიდ მიზანთან. ჩვენს მიერ ასევე გატარებული მასშტაბური რეფორმები კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის, ეკონომიკური წინსვლისა და სოციალური სამართლიანობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გაძლიერება სამართლიანად იმსახურებს მიუკერძოებელი, ობიექტური შემფასებლების აღიარებას მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად, არაკეთილმოსურნეთა, შიდა თუ გარე მტრების არაერთი დესტრუქციული მცდელობის მიუხედავად, საქართველო რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რეგიონში.

„დღეს, ძვირფასო მეგობრებო, როდესაც ისტორიაში ყველაზე მწვავედ დგას ბირთვული ომის საფრთხე, ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება სწორედ მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება, ჩვენი ხალხის დაცვა და ჩვენი ქვეყნის გადარჩენაა.

 

ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკის შედეგად, არაკეთილმოსურნეთა, შიდა თუ გარე მტრების არაერთი დესტრუქციული მცდელობის მიუხედავად, საქართველო, დიახაც, რჩება მშვიდობისა და სტაბილურობის ოაზისად რეგიონში; და რადგან კარგად ვიცით ომის ფასიც და მშვიდობის ფასიც, სანამ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისთვის თუნდაც მცირე საფრთხე არსებობს, ჩვენ არ შევწყვეტთ ამ ვალდებულების შესრულებას,“ – აღნიშნა პრემიერმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი