ხმაური და დაკავებები ყვარელში

20 მაისი 2023, 15:00 632 ნახვა

სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ტერიტორიაზე ვითარება  დაძაბულია. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას, რის გამოც სამართალდამცველებმა აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სასტუმროს ტერიტორია ერთმა ავტომობილმა დატოვა, რომელსაც აქციის მონაწილეები შეძახილებით: „რუსები“ დახვდნენ და კვერცხები დაუშინეს.

დაპირისპირების დროს აქციის ერთი მონაწილე შეუძლოდ გახდა. ტერიტორიაზე სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა დილიდან, ადგილზე იმყოფებიან განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები.

გავრცელებული ინფორმაციით რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილი საქართველოშია და ის სასტუმრო „ყვარლის ტბაში“ იმყოფება. არსებული ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახი კახეთში გრანდიოზული ქორწილისთვის ემზადება.

ქორწილი ლავროვის სიძის, ალექსანდრე ვინოკუროვის ძმას ექნება. სასტუმრო „ყვარლის ტბის“ ადმინისტრაცია მათთან, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის სტუმრობას გამორიცხავს, მეტიც აცხადებენ, რომ ლავროვის გვარით სასტუმროში სტუმარი არ ფიქსირდება და არც აქამდე დაფიქსირებულა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში